logo_geo
„ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო
- +

13 ივნისი. 2019. 16:42

 

 

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

 

ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის პროცესში სრულად  აღდგება XIX  საუკუნის  არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი. ავთენტური ფორმით განახლდება და ნაწილობრივ რესტავრირდება სასახლის კარ-ფანჯრები, რომლებიც სტრუქტურული მდგრადობის მიზნით, შენობის ყველა ხის კონსტრუქციული ელემენტის მგავსად ცვილის ლაქით დაიფარება. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი მისი მოაჯირებით, ორნამენტული დეტალებითა და XIX  საუკუნის ტიპიური დიზაინის შუშაბანდით.  სრულად რეაბილიტირდება შენობის სახურავი და ჭერის კონსტრუქციული წყობები. სასახლის ოთახებში გვიანდელი შპალერის ფენის მოხსნის შემდეგ ინტერიერის ფასადები ახლადგამოვლენილი ღირებული მხატვრული ფრაგმენტების მიხედვით რესტავრირდება. ინტერიერის კიბე კი კონსტრუქციულად გამაგრდება და ქვის ფილებით მოპირკეთდება. სრულად აღდგება ერისთავების სახლის მარანი და ყველა სამეურნეო დანიშნულების სივრცე.  არსებული წყობით რეაბილიტირდება და კონსერვირდება  სასახლის გალავანი მისი გარსშემოსავლელებითა და სათოფურებით. სასახლის ეზოში მოეწყობა ქვაფენილები, გაიწმინდება არსებული ქვევრები და მწვანე საფარით კეთილმოეწყობა ტერიტორია.

 

ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ფონდი „ქართუს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი  და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნენ.

 

2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის   სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, ფონდი „ქართუს“ მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება. დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს.

 

მიმდინარე წელს  ფონდი „ქართუს“ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი იქნება 53 კულტურული მემკვიდრეობის  უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი., ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები  43არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი