logo_geo
„წავიდნენ ცაში და მას მერე, ვერეს ხეობაში რამდენჯერაც გავივლი, სულ ხელებს ვუწვდი, ვუწვდი და ვერ ვაწვდენ“
- +

15 ივნისი. 2019. 16:37

 

 

„და იყო ამ დღეს ცა მეტი მიწაზე და წავიდნენ ცაში და მას მერე, ვერეს ხეობაში რამდენჯერაც გავივლი, სულ ხელებს ვუწვდი, ვუწვდი და ვერ ვაწვდენ, ვერა და ვწვალობ და ვდარდობ“, - წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

 

ეს იყო ტრაგედია, რომლის ჭრილობებს ვერასდროს მოიშუშებს საქართველო – დაღუპულები, დაკარგულები…

 

 

„კატასტროფას, რომელიც მოხდა, ვერავინ აიცილებდა, ამ მოვლენის მთავარი მიზეზი იყო 13-14 ივნისს მოსული დიდი რაოდენობის ნალექი, რომელსაც წინ უძღოდა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ინტენსიური წვიმა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ნიადაგის, განსაკუთრებით ზედაპირული დანალექი ქანების გაჯეჯვება. აქ ისეთი ქანებია, რომელიც საკმაოდ ადვილად იზრდება მოცულობაში, ეს იწვევს ქანების დეგრადირებას. სწორედ, გარკვეული წინა პროცესები და იქ არსებული მოვლენები გახდა მიზეზი იმისა რომ წარმოიქმნა მეწყერი. წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყრის ჩამოწოლა გამოწვეულია უხვი ნალექის და იქ არსებული ქანების ლითონოლოგიური შედგენილობით. გვირაბის გაწმენდა ძალიან მცირე მოცულობით იმოქმედებდა. წყალთან ერთად მოდიოდა როგორც ღორღი, ასევე ხეები, ბუჩქების დიდი რაოდენობა. იმის თქმა რომ გვირაბის გაწმენდა თავიდან აგვაცილებდა ტრაგედიას, გამორიცხულია. გვირაბი აუცილებლად ჩაიხერგებოდა, იმ რაოდენობით მასალა, რაც ჩამოტანილი იყო და რაც თვალით ვნახე, არის ძალიან დიდი რაოდენობა. ვერეს ხეობას ძალიან დიდი შემკრები აუზი აქვს, ყველა პატარა შენაკადიც კი დიდი რაოდენობის ქვას და ხეს ჩამოიტანდა. როგორც ჩანს, მხოლოდ მეწყერმა არ ჩამოიტანა მცენარეული საფარი, არამედ მთელმა შემკრებმა აუზმა, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ დიდი ტერიტორიის ფარგლებშია განთავსებული. ერთადერთი, რაც შესაძლებელი იყო, ესაა მოსახლეობის გაფრთხილება, მსხვერპლის რაოდენობა მინიმალური იქნებოდა. წლების განმავლობაში იჩეხებოდა ტყე და ამის გამო ნიადაგის ზედაპირი, რა თქმა უნდა, დეგრადირებული იყო, მაგრამ იმ ტერიტორიაზე, სადაც მეწყერი მოწყდა, შედარებით კარგადაა განაშენიანება. მეწყრის მთავარი მიზეზი მცენარეების არარსებობა არაა, აქ მთავარია დიდი რაოდენობის ნალექი. იქ არის ისეთი ქანები, რომელთა შორის ადვილად მოხდა წყლის ჩადინება, ამ ქანების დაქანება არის ფერდობების მიმართულებით, ფაქტობრივად ეს სარკე წარმოიქმნა შესუსტებულ ადგილზე და მეწყერი დაიძრა. თავის დროზე წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით თუ ბურღვა-აფეთქებით ხდებოდა გზების გაყვანა, რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები გარკვეულ წინაპირობას შექმნიდა, დააზიანებდა ქანებს. ეს გზა ჩამოიშალა. ქანები იქ ისეთი მიმართულებითაა დაქანებული, გზის გაჭრით ფაქტიურად შეიქმნებოდა მეწყრის წარმოქმნის საშიშროება. შედეგი სახეზეა.

 

მეწყერი რომ არ ყოფილიყო, ეს კატასტროფა მაინც მოხდებოდა, მაგრამ გაცილებით ნაკლები მასშტაბით. წყალი ძალიან დიდი მოცულობისა წამოვიდა და ვერეს ხეობას, როგორც უკვე ვთქვი, დიდი შემკრები აუზი აქვს. წყალი მაინც დაგუბდებოდა და დიდი რაოდენობის ქვა, ხე მაინც წამოვიდოდა“, - წერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ნოდარ ფოფორაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი