logo_geo
სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი „ბრავო რექორდსმა“ გამოუშვა
- +

19 ივნისი. 2019. 14:37

   

„ბრავო რექორდსმა“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა „პერიფრაზი“. ალბომში შესულია პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“, „ძეგლად გადმომეფარე“, „ჰერიო, ბიჭებო“, „ჯადოსნური კვერცხი“, „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“, „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“, „თათრის გოგონავ“, „ადანდალი“ და „ფაჩუჩები“.

 

28 ივნისს, კომპანია „ბრავო რექორდსი“ და „რუსთავი2“ სპორტის სასახლეში სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, სადაც ალბომში შესულ ყველა სიმღერასთან ერთად ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიებიც შესრულდება. პროექტში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინა ბერიძე, მონაწილეობას მიიღებენ: ბენდი „ნიუტონი“ — შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, ვოკალი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები.

 

კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლის ფოიეში, მსურველებს ალბომის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, პარალელურად გაიმართება ალბომზე ხელის მოწერის ცერემონია.

 

19 წლის სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მუსიკალური პროექტის „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულია. სოფომ პროექტის დაწყებისთანავე უნიკალური შესრულების მანერით ქართველი მსმენელის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სოფო გამოირჩევა განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ინდივიდუალიზმით. მისი დამოკიდებულება ქართული სიმღერისადმი არის თამამი და ამავე დროს ფრთხილი. ზვიად ბოლქვაძის და სოფო ბათილაშვილის საოცარი ტანდემი, არის ახალი სიტყვა ქართულ მუსიკალურ სცენაზე.

 

სოფო ძალიან პატარა ასაკიდან მღერის, იყო რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის წევრი, დამთავრებული აქვს მუსიკალური ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს, ამჟამად კი, ვოკალის განხრით ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ასევე არის აფხაზეთის კაპელის წევრი, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.

 

კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება: biletebi.ge-ზე და სპორტის სასახლის სალაროებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი