logo_geo
რა დაგიჯდებათ ზღვისპირა საოჯახო სასტუმროებში დასვენება
- +

20 ივნისი. 2019. 17:46

 

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური გახდა, სად გავატაროთ შვებულება.

 

ივლის-აგვისტოში კი ყველაზე პოპულარული ადგილები საზღვაო კურორტებია.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს ზაფხულში საქართველოს საზღვაო კურორტებზე დასვენება საოჯახო სასტუმროებში.

 

ზღვისპირა კურორტებიდან ყველაზე პოპულარული ქალაქი ბათუმია, სადაც სეზონი ივნისში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ქალაქში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, ბულვართან და სანაპიროსთან ახლოს მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროებში ფასი ყველაზე მაღალია.

 

ბათუმში საოჯახო ტიპის სასტუმროში მინიმალური ფასი ორ ადამიანზე ნომერი 40 ლარიდან იწყება და შესაბამისად კომფორტისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება.

 

„ორადგილიან ნომერს 50 ლარად ვაქირავებ, ხოლო ერთადგილიანს - 40 ლარად. ეს ფასები მაქვს ივლის-აგვისტოში. სასტუმრო ზღვის სანაპიროდან 15 წუთის სავალზეა. ჯავშნებს ვიღებ ძირითადად „ბუქინგიდან“, შესაბამისად, ძირითადად უცხოელები ჩამოდიან. ჩემს უბანში ზოგიერთი 80 ლარადაც აქირავებს. ყველაზე მოთხოვნადი აგვისტოა, ისეთი გადატვირთული, ადგილს ვერ ნახავთ“, - განაცხადა საოჯახო სასტუმრო „თამრიკოს სახლის“ მეპატრონემ.

 

ბათუმისგან განსხვავებით, ბინების ფასი განსხვავებულია ქობულეთში. ივლის-აგვიტოში ქობულეთში საოჯახო სასტუმროში ოთახის დაქირავება 2 საწოლით 20-25 ლარიდან იწყება, თუმცა უფრო ძვირია ნომრები, რომლებსაც იზოლირებული აბაზანა და სამზარეულო აქვს.

 

როგორც ქობულეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო „ბალუს“ მეპატრონემ „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, უცხოელებიდან ძირითადად ჩამოდიან ლატვიელები, რუსები, უკრაინელები და ბელარუსები.

 

„ჩემს სასტუმროში ფასები ოთახების მიხედვით განსხვავდება. „ბუქინგიდან“ დაჯავშნილი სამადგილიანი, ზღვის მხარეს, 100 ლარი ღირს. ასევე მაქვს ნომერი თავისი სამზარეულოთი, რომელიც 150 ლარი ჯდება. როგორც იცით, „ბუქინგს“ თავისი პროცენტი მიაქვს, ამიტომ ისე თუ დაჯავშნით, 120 ლარი ღირს.

 

ორადგილიანი ნომერი მაქვს, რომელიც 70 ლარი ღირს, სამადგილიანი კი 80 ლარია. მე სტუმრები მაისიდან მყავს, ხვალ უკვე მთლიანად შეივსება, ყველაზე დატვირთული თვეებია ივლისი და აგვისტო. სეზონი კი სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება“, - აღნიშნა „ბალუს“ მეპატრონემ.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ საკურორტო ადგილს - გონიოს, საოჯახო ტიპის სასტუმროში დასვენება 40-50 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა აგვისტოში შესაძლოა, აღნიშნული თანხა გაიზარდოს.

 

„ერთ ადამიანზე ივლისში 50 ლარია, აგვისტოში კი 60 ლარი, სამჯერადი კვებით. ამ ეტაპზე ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. თუმცა ყველაზე დატვირთული თვე აგვისტოა“, - აცხადებენ „გრანდ გესთ ჰაუსში“.

 

ურეკში საოჯახო ტიპის სასტუმროებში დასვენება კი 25 ლარიდან იწყება. როგორც „ბიზნესპრენიუსიდან“ საუბრისას საოჯახო ტიპის სასტუმროს „დავითის“ მეპატრონემ განაცხადა, უცხოეთიდან ძირითადად რუსები ჩამოდიან.

 

„ჩემი სასტუმროს განცხადება „ბუქინგზე“ მიდევს. ჩვეულებრივი სტანდარტული ოჯახური ერთი ოთახი 140 ლარი ღირს, სადაც არის მაცივარი, კონდიციონერი და აივანი ზღვის ხედით. მოთავსდება ორი ზრდასრული და ორი ბავშვი. გარდა ამისა, მაქვს ლუქსები 200 ლარად, სადაც ორი ოთახია და თავისუფლად მოთავსდება 6 ადამიანი. ეს ფასებია ივლის-აგვისტოში. ყველაზე დატვირთული სწორედ ეს თვეებია, უცხოელებიდან ძირითადად რუსები ჩამოდიან“, - აცხადებს მეპატრონე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი