logo_geo
ჟურნალისტები შსს-ს შენობასთან აქციას გამართავენ
- +

21 ივნისი. 2019. 13:12

ჟურნალისტები შსს-ის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

 

„დღეს, 21 ივნისს, 15:00 საათზე, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას 10) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას „ნუ გვესვრი!“. მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი. აქციამდე, ვისაც სურვილი გაქვთ ორგანიზებაში დახმარების, გთხოვთ, მოხვიდეთ ქარტიის ოფისში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს სოლიდარობას გამოუცხადებენ ქუთაისელი ჟურნალისტებიც. ისინი ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ 15:00 საათზე აქციას გამართავენ.

 

გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი დაშავდა.  მათ შორის, საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ორი კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

 

ასევე დაშავდნენ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ორი ოპერატორი, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ წარმომადგენელი და On.ge-ის ჟურნალისტები.

 

 

 

big_banner
არქივი