logo_geo
დმიტრი პესკოვი: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლა არ აეკრძალებათ
- +

25 ივნისი. 2019. 16:30

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლა არ აეკრძალებათ. ინფორმაციას რუსული НТВ ავრცელებს.

 

დმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთი საქართველოში მოგზაურობის აკრძალვას არ გეგმავს. როგორც პუტინის პრესმდივანი აცხადებს, ტურისტების ნაკადის შემცირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

 

„ბუნებრივია, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ხალხი მთლიანად შეწყვეტს საქართველოში ჩასვლას. შეუძლებელია, რომ ხალხს საქართველოში ჩასვლა სრულად ავუკრძალოთ. ამის გაკეთებას არავინ გეგმავს. მხოლოდ მოქალაქებს რეკომენდაციას ვაძლევთ, ყურადღება გაამახვილონ იმ საფრთხეებზე, რომელიც ამჟამად საქართველოში შესაძლოა შეიქმნას“,-აცხადებს დმიტრი პესკოვი.

 

21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა.

 

ვლადიმირ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

24 ივნისს, რუსეთმა საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლი გაამკაცრა. გადაწყვეტილება Роспотребнадзор-მა მიიღო.

 

მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუარესების გამო მიიღეს.

 

„გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგის გამო მიიღეს, რადგან ამ პროდუქციის ხარისხის გაუარესება ფიქსირდება“, – იუწყება Роспотребнадзор.

 

მათი ინფორმაციით, 2014 წლიდან 2018 წლამდე დაბალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების რაოდენობა 2.9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი