logo_geo
ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი: აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი
- +

26 ივნისი. 2019. 11:09

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასპინძლობს, სოციალურ ქსელ twitter-ში საკუთარ შთაბეჭდილებებზე წერს:

 

„მოხარული ვარ, რომ მოვინახულე საქართველოს ეროვნული მუზეუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში და აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი. მუზეუმში ვიზიტს მოჰყვა კონცერტი მუზეუმის ეზოში ევროპა კულტურისთვის ევროპის მომავალი“,- წერს  ტიბორ ნავრაჩიჩი, რომელმაც მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან და ევროკავშირის ელჩთან საქართველოში კარლ ჰარცელთან ერთად  აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია - „ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით“ გახსნა.

 

ვიზიტის ფარგლებში ტიბორ ნავრაჩიჩი „ფაბრიკაში“ გამართულ „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობას – 2019“ დაესწრო, სადაც ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ გამარჯვებულმა ყველა ქართველმა ბენეფიციარმა საკუთარი ორგანიზაცია და პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები წარმოადგინა.

 

 ბაზრობაზე წარმოდგენილები იყვნენ: თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი; კინოფესტივალი „CinéDOC“; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; Sofa - კინოაგენტების სკოლა; გამომცემლობა აგორა; გამომცემლობა ელფი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA; თბილისის არქიტექტურის ბიენალე; საქართველოს მუზეუმების ასოციაცია; საქართველოს კარიტასი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი; ისრაელის სახლი; ფესტივალი SOU; Public Art Platform; ჯადოსნური ლამპარი რუსთავი.

 

როგორც ტიბორ ნავრაჩიჩმა განაცხადა, კონფერენცია სწორედ ევროპულ, ქართულ ღირებულებებს ეხებოდა, რითაც ძალიან კარგი საფუძველი ექმნება  განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას. რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, მისი შეფასებით ქართველები ინოვაციური, კრეატიული, შემოქმედებითი და ნიჭიერი ხალხია. მან დადებითად შეაფასა წარმოდგენილი პროექტები და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დიდ წვლილს შეიტანს ევროპული კულტურის გამდიდრების საქმეში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი