logo_geo
დათო მდივანი იყო და არის ჩემთვის ნამდვილი ვარსკვლავიც, მხატვარიც, მოაზროვნეც...
- +

15 თებერვალი. 2017. 03:38



,,გამარჯობა, მე მქვია დათო და ვარ..... ქართველი.


- გა-მარ-ჯო-ბა და-თო... მოგვიყევი შენს შესახებ, რამდენი წელია რაც ქართველი ხარ?


- აგერ უკვე 43 წელი გახდება მალე... სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ევროპელი ვყავი... მანამდე რუსი... კავკასიელი... ყველაზე მაგარი... ყველაზე საზიზღარი, ლაჩარი და გამყიდველი... ახლახანს მივხვდი - მე ქართველი ვარ, უბრალოდ ქართველი...


- ოოოო...(ტაში...) კიდევ ერთხელ მივესალმოთ დააა-თოოოს... კე-თი-ლი ი-ყოს და-თო შე-ნი და-ბრუ-ნე-ბა..."

 

დათო მდივანი, 2010 წელი, 18 მარტი.


,,რაც თავი მახსოვს, თავისთვის არსებობს სახელმწიფო, თავის აპარატს და სისტემას ინახავს, თავს ირჩენს;


თავისთვის არსებობენ ტელევიზიები და საინფორმაციოები, თავიანთ ინფორმაციებს ააგორებენ-დააგორებენ, ერთმანეთისგან გადმოაგორებენ, ერთ ბურთს მისდევენ ძაღლებივით, გვერდზე ვერ იხედებიან, სიახლეს ვერ ბედავენ;


თავისთვის არსებობენ რაღაც კავშირები - მხატვართა, მწერალთა, მოაზროვნეთა...


ახლა "სამოქალაქო სექტორიც" მოძლიერდა, თავისთვის არსებობს, ვინც უხდის, იმის "სამოქალაქო" მუსიკას უკრავს...


აი ხალხი კი სულ ცალკე, დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს - თავი გააქვს, როგორც შეუძლია, თავისი მოაზროვნეები ჰყავს, თავისი მხატვრები, მწერლები, თავისი საინფორმაციო არხები...


დათო მდივანი იყო და არის ჩემთვის სამოქალაქო სექტორიც, ნამდვილი ვარსკვლავიც, მხატვარიც, მწერალიც, მოაზროვნეც და კიდევ მეტი - დიდი ინფორმაცია ბუნებისაგან - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება არსებობდეს ასეთი კვიმატი გონება, ასეთი მიუწვდომელი ხარისხის ღირსება და კეთილშობილება, ჰუმანიზმი, იუმორი, უსიგრძეგანო ნიჭი...


ჩემს გაოცებაზე და შეურიგებელ ბრაზზე - როგორ ახერხებენ ეს სისტემები, ისე ხალხსგარეთ იცხოვრონ, ისე გაუშვან ამ ქვეყნიდან 49 წლის დათო მდივანი, რომ მაქსიმალურად კი არა, სულ არაფერში "გამოიყენონ", ახლა არ დავწერ, თვითონ დათო იდგა ამაზე ძალიან მაღლა...


დღეს 2 საათზე დათო მდივანს საბურთალოს სასაფლაოსკენ გავაცილებთ საბურთალოსვე ეკლესიიდან, და ამას არცერთი საინფორმაციო არ გააშუქებს.


სამაგიეროდ ამას გააშუქებს სულ სხვა ვიჟენი, მარადისობის, ბუნების თვალი. როგორც თვითონ მიუწერია ერთი ახლო მეგობრისთვის „ცხოვრება არაა დასაწყისი და დასასრული, რომ რაღაც მიზანი გქონდეს და ა.შ. პროცესია - ყველა პროცესს ახლავს ფილოსოფია, სხვანაირად უაზრობაა ყველაფერი" უდასაწყისო და უდასასრულო ცხოვრების ერთ მოკლე პროცესს გავივლით ერთად დღეს ეკლესიიდან სასაფლაომდე, ეგაა სულ...


დიდზე დიდი გულები შენ ჩვენგან და დიდზე დიდი მადლობა!"


ნინო გუგეშაშვილი


P.S. ,,ესაა ბიჯო ხეში წყალი ჩადგაო? - ვერაა ეს თებერვალი სრულ ჭკუაზე..."


წყარო http://imedi.fm






 

big_banner
არქივი