logo_geo
სკოლის დატოვების სურვილი ამ დროისთვის 6 ათასზე მეტმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა
- +

3 ივლისი. 2019. 16:21

 

 

„პირველადი მონაცემებით, საქართველოში მასწავლებლის ჯილდოთი სარგებლობის 6 000 მსურველია - ვგეგმავთ, ჯილდოების გაცემის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში დავიწყოთ,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ საპენსიო ასაკის პედაგოგებზე საუბრისას განაცხადა.

 

მან ისაუბრა მასწავლებლის ჯილდოს მიღების მსურველთა და აღნიშნული პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო მზადაა, აღნიშნული საკითხი მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაიტანოს.

 

„სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის განცხადების დაწერა არ მოგვითხოვია, რადგან ეს იყო პროცესი, ინიციატივა და უნდა გვენახა, რამდენად მოისურვებდნენ მასწავლებლები ამ შესაძლებლობებით სარგებლობას. სკოლებს ვთხოვეთ, მსჯელობა ყოფილიყო კათედრებზე ამის შესახებ და მოეგროვებინათ პირველადი ინფორმაცია მსურველი მასწავლებლების შესახებ.

 

პირველადი მონაცემებით, 6 000 მასწავლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც არის მსურველი, ჯილდოთი ისარგებლოს, თუმცა, ეს პროცესი გრძელდება. ვადა არ დაგვიწესებია, ვთქვით, რომ მასწავლებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს სურვილი 2019 წლის ბოლომდე. ცხადია, იმის მიხედვით, როდის გამოხატავენ სურვილს, ეტაპობრივად მიიღებენ ჯილდოს.

 

ვმუშაობთ მთავრობის განკარგულების პროექტზე, რომლის მეშვეობითაც შევა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში, სადაც მთავრობის ხელმძღვანელისა და მთავრობის მიერ ჩანაწერი დამტკიცდება, ეს იქნება უახლოეს მთავრობის სხდომაზე.

 

ვგეგმავთ, რომ ჯილდოს გაცემის პირველი ეტაპი დავიწყოთ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში და მეორე ეტაპი - წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში.

 

ასევე, ვმუშაობთ სხვადასხვა თანმხლებ დოკუმენტაციაზე, რაც საჭიროა ჯილდოს გაცემის ორგანიზებისთვის, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს, პირველი ეტაპის ინფორმაცია შეგროვებულია, დაგეგმილია ეტაპები, სამთავრობო განკარგულება გამოვა რამდენიმე დღეში და ტექნიკური პროცესი გაგრძელდება.

 

გასავლელია ტექნიკური პროცესები, რაც არ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველი ეტაპის ჯილდოები გავცეთ იმ მასწავლებლებზე, პენსიონერ, ღირსეულ პედაგოგებზე, რომლებმაც გამოხატეს სურვილი", - განაცხადა აბულაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329 პედაგოგიდან საპენსიო ასაკის 16 406 მასწავლებელია. განათლების სამინისტროს შეთავაზებით, პენსიონერმა მასწავლებლებმა ან კვალიფიკაციის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ან შეუძლიათ ჯილდო მიიღონ ორი წლის ხელფასის ოდენობით და სკოლას დაემშვიდობონ.

 

 

big_banner
არქივი