logo_geo
უკრაინული ტელეკომპანია „პრიამოის“ თანამშრომლები გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავენ
- +

8 ივლისი. 2019. 11:26

 

უკრაინული ტელეკომპანია „პრიამოის“ თანამშრომლები „რუსთავი 2-ის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „სტრანა“ ტელეკომპანიაში არსებულ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ცნობით, „პრიამოის“ თანამშრომლები გაბუნიას მხარდამჭერი აქციის გამართვას 10 ივლისს აპირებენ, თუმცა ფლეშმობის დეტალები ჯერ უცნობია.

 

უკრაინული მედიის ცნობით, ტელეკომპანია „პრიამოი“ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებული არხია.

 

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. გადაცემის დასრულების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის ეთერში „კვირის აქცენტების“ სპეციალური გამოშვება გავიდა, სადაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ და წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. ასევე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა. ამასთან, გაბუნიას მონოლოგი პროვოკაციად შეაფასეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საკითხს გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები. გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა. „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო „რუსთავი 2“-ს მაუწყებლობა შეეწყვიტა, ბოდიში მოეხადათ და ასევე, დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადების შესახებ. მოგვიანებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. განცხადება ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.

 

„რუსთავი 2“-მა  მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი