logo_geo
საქართველოში 100 ათას მოსახლეზე სიმსივნით დაავადების მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს
- +

19 ივლისი. 2019. 15:50

 

 

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება. აღნიშნული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის წინასწარ მონაცემებშია ასახული.

 

კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, დედაქალაქში პირველად სიცოცხლეში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით რეგისტრირებულია 3720 პაციენტი, რაც 100 ათას ადამიანზე 319.3-ს შეადგენს. ეს კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (303.6 შემთხვევა 100 ათას კაცზე), მესამეზე კი, აჭარა (262.3).

 

ცენტრის მონაცემებით, სულ საქართველოს მასშტაბით, 2018 წელს, ცხოვრებაში პირველად ავთვისებიანი სიმსივნე 9635 პაციენტს დაუდგინდა, რაც 100 ათას მოსახლეზე 258.5 ადამიანს შეადგენს. მათ შორის აღნიშნული დიაგნოზი 0-დან 14 წლამდე 68 პაციენტს დაუსვეს. მათგან 26 თბილისში ცხოვრობს.

 

2017 წელს საქართველოში კიბოს 9 485 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინციდენტობა (100 ათას მოსახლეზე დაავადების შემთხვევების რაოდენობა) კი 254.4 იყო.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტატისტიკის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს კიბოთი დაავადების რეალური მაჩვენებლების მატებას, რადგან, მისი განმარტებით, მიმდინარეობს კიბოს შემთხვევათა რეგისტრაციის გაუმჯობესება და მონაცემების დაზუსტება.

 

გამყრელიძის თქმით, კვლევა იმის დასადგენად, თუ რა არის სხვადასხვა რეგიონში სიმსივნის ინციდენტობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი, არ ჩატარებულა. თუმცა ვარაუდობს, რომ 100 ათას მოქალაქეზე დაავადებულთა მაჩვენებლით თბილისის ლიდერობის გამომწვევ ფაქტორებს შორის დაბინძურებული ჰაერი და მწეველთა მაღალი მაჩვენებელია.

 

 

big_banner
არქივი