logo_geo
კახა კალაძე: მე, როგორც ქალაქის მერმა გადავწყვიტე, რომ მოსახლეობას ვუთხრა სიმართლე...
- +

20 ივლისი. 2019. 20:38

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელება და მე, როგორც ქალაქის მერმა გადავწყვიტე, რომ მოსახლეობას ვუთხრა სიმართლე, თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე და არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. დღეს ამ ტერიტორიაზე არის „კიას“ ცენტრი. რამდენიმე თვის წინ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელები შემოვიდნენ წინადადებით და მათ არსებული ცენტრის რეაბილიტაციის სურვილი ჰქონდათ და უნდოდათ, რომ განახლებული ავტოტექმომსახურების სადგურის პროექტი განეხორციელებინათ. ჩვენი მოთხოვნა იყო მესაკუთრეებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებ ფორმა შეგვეცვალა ამ ყველაფრისთვის და რაიმე სხვა პროექტი განხორციელებულიყო. მივაღწიეთ შეთანხმებას, თვითონ მეპატრონეებიც დაგვეთანხმნენ იმაზე, რომ აქ განხორციელდეს სხვა პროექტი, კერძოდ, დასასვენებელი სივრცე, ორანჟერიის სტილის პროექტი, რომელიც განხორციელდება ზუსტად იგივე მოცულობით, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი „კიას“ ცენტრი, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და ამაზე დედაქალაქის მერიამ გასცა ნებართვა, არის ძალიან დიდი ტყუილი.

 

„დიღმის ტყე-პარკთან მიმართებით ყველამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს და რაც შეიძლება მეტი ხე და მცენარეები დაირგოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი სახლების მშენებლობა არ იგეგმება, ხორციელდება პროექტი, რომელიც არსებულ სივრცეში ჩაჯდება და ყველა ადამიანს ექნება მისი სარგებლობის საშუალება. დიღმის ტყე პარკი გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელ სივრცედ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი