logo_geo
პაატა სალია: მინდა, სამუდამოდ წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს
- +

23 ივლისი. 2019. 16:43

 

 

„არანაირი საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო, არ არსებობდა, ეს არის ცალსახა და ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების ადგილი თითქმის არ არის დარჩენილი“, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ. მისი თქმით, დღეს გავრცელებული განცხადებები, „რუსთავი 2“-ის ინტერესებს ზიანს აყენებს.

 

პაატა სალიას განცხადებით, მისი და ქიბარ ხალვაშის მიერ იუსტიციის სახლში განაცხადის გაკეთება წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი და კანონიერი იყო.

 

„დღეს სოციალური მედიით სხვადასხვა ტელევიზიებით და მათ შორის ჩვენი ტელევიზიითაც გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას.

 

ამასთან დაკავშირებით მინდა, გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.

 

შეგახსენებთ ყველას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარჩელი და „რუსთავი 2“-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების ყარამანაშვილების, ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელები არ დააკმაყოფილა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი, რომელთან დაკავშირებითაც იქნა გამოყოფილი უზრუნველყოფის ღონისძიება. შეგახსენებთ იმას, რომ ეს გამოყენებული იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო, არსებობდა გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების საფრთხე, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობა. მართალია ეს უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ალბათ, დროებითი ღონისძიებების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობისას, ან არსებითი განხილვისას. შესაბამისად, განიხილა რა, „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები.

 

სასამართლომ ასევე გადაწყვეტილებაში, სადაც შავი თეთრზე წერია მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება. საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებოს ასევე წერილი, მიღებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის საფუძველს მოკლებული. ჩვენი მოქმედება, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერც ერთი პირი ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისაგან და ისეთი განცხადებებისაგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

big_banner
არქივი