logo_geo
რას ურჩევს ექიმი ოთარ ტატიშვილი წნევიანებს ძლიერი სიცხის დროს
- +

24 ივლისი. 2019. 00:26

 

 

ზაფხულის სიცხის დადგომასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულებში ბევრი ცვლილება ხდება. სიცხემ შეიძლება არაერთი ქრონიკული დაავადება გაამწვავოს. იცვლება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, გულისცემის რიტმიც კი. ამიტომ ამ ასაკის ადამიანები ყურადღებით უნდა იყვნენ და დააკვირდნენ ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას.

 

ექიმმა და ტელეწამყვანმა ოთარ ტატიშვილმა „იმედის“ დილის რუბრიკაში  „60+“ ამჯერად არტერიულ ჰიპერტენზიაზე ისაუბრა, რომელიც ხანდაზმულთა 80 პროცენტს აწუხებს. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით მთელი წლის განმავლობაში ვლინდება.

 

მისი თქმით, ძლიერი სიცხის დროს გულის რიტმთან ერთად ფართოვდება სისხლძარღვები, მათ შორის არტერიული და ვენური გენეზის კაპილარები, რომელსაც შეუძლია წნევის დაბალ ნიშნულამდე დაწევა. ოთარ ტატიშვილი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებს ურჩევს დღეში სამჯერ აკონტროლონ წნევის ცვალებადობა, რადგან ზაფხულის ძლიერი სიცხის დროს, შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მაღალი წნევის მაგივრად, ნიშნული დაბალს უჩვენებს (სამედიცინო სფეროში ამ მოვლენას ფსევდოსიმპტომატიკას უწოდებენ) და ამის გამო შეწყვიტონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის  მიღება, რაც არასწორია და შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს მდგომარეობა. ამიტომ ზაფხულში არტერიულმა წნევამ რომ არ შეგაწუხოთ, ოთარ ტატიშვილის რჩევაა დაიცვათ ზოგადი რეკომენდაციები:

 

რეგულარულად აკონტროლეთ არტერიული წნევა

არ შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება

გქონდეთ საჭირო მედიკამენტები

მიაკითხეთ ექიმს

მოერიდეთ სიცხეში 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ გასვლას

სიცხეში ატარეთ ქუდი ან ქოლგა

მიიღეთ სითხე

მგზავრობისას ამოძრავეთ ქვედა კიდურები

გასათვალისწინებელია, რომ სითხის მიღებაში არ ითვლება ყავა და ჩაი, რომლებიც პირიქით გაუწყლოვნებას იწვევს.

 

 

 

 

big_banner
არქივი