logo_geo
ჯანდაცვის ცენტრი დაბა მესტიის მცხოვრებლებს აფრთხილებს
- +

26 ივლისი. 2019. 22:21

 

მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაბა მესტიაში, წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. ცენტრი ურჩევს მოქალაქეებს არ გამოიყენონ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ არიან.

 

ანადუღარი წყალი უსაფრთხოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში. წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად; შეგროვილი, ანადუღარი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში; არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

 

გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად; საკვების მოსამზადებლად; სასმელების დასამზადებლად; ყინულის მოსამზადებლად; ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად; ხელების დასაბანად“, - აცხადებენ მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

 

სასმელი წყლის პრობლემა დაბა მესტიაში 25 ივლისის სტიქიის შემდეგ შეიქმნა. რამდენიმედღიანი წვიმების შედეგად ადიდებულმა მესტიაჭალამ მიმდებარე ტერიტორია დატბორა და დააზიანა სასმელი წყლის მილები. მესტიის მუნიციპალიტეტის 60 %-ს სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.

 

big_banner
არქივი