logo_geo
„საფრთხე ისეთ ნარკოტიკებთან მიმართებით, რომელიც არ იწვევს სწრაფ მიჩვევას, არ არის იმ ხარისხის, რაც თავისუფლების აღკვეთას გაამართლებდა“
- +

2 აგვისტო. 2019. 22:34

 

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის სანქციის სახედ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით დასჯადი ქმედებები არ წარმოშობდა იმგვარ საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც გაამართლებდა საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმებით დაწესებული სანქციის ისეთი სახეები, როგორიცაა – ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, როგორც აშკარად არაპროპორციული სასჯელი (სახდელი) არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნებად მიუთითა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და ნარკომანიის პრევენცია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმები ითვალისწინებდა ალტერნატიულ სანქციებს, რაც სამართალშემფარდებელს აძლევდა შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით თავად გადაეწყვიტა რა სახის სანქციის გამოყენება იქნებოდა ყველაზე ადეკვატური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა, ერთი მხრივ, სადავო ნორმებით დასჯადი ისეთი ქმედებები, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარება და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით) შეძენა, შენახვა და დამზადება და, მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენა, შენახვა და დამზადება.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები ქმნიან მოთხოვნას, რითაც ხელს უწყობენ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, შესაბამისად, მოხმარების შეზღუდვა ემსახურება როგორც თავად მომხმარებლის, ასევე საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას. ამავე დროს, ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, მსგავსი ნივთიერების დასჯადობის მიზნები მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვით შემოიფარგლება. ამასთან, ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით, დამზადება, შეძენა და შენახვა წარმოშობს მისი გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მინიმალურ, ჰიპოთეტურ რისკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხე ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, არ არის იმ ხარისხის, რაც თავისუფლების აღკვეთას გაამართლებდა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე გამოყო ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების თუნდაც ერთჯერადი მოხმარება, ისევე როგორც აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა შეიცავს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული რისკების პრევენციისა მიზნით, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

 

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთა ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში იზრდება როგორც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში პირის მონაწილეობის ხარისხი, ისე უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გავრცელების და ამ გზით სხვა ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების რისკები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

 

„დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) „…ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) „ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)“, – აღნიშნულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი