logo_geo
„National Geographic“ საქართველოს სამთო კურორტებსა და ეროვნულ პარკებზე პუბლიკაციებს მოამზადებს
- +

5 აგვისტო. 2019. 14:51

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი „National Geographic” სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe” მთავარ რედაქტორს ჯასტინ კავანას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში კავანა  მოინახულებს თუშეთის, კახეთის და ყაზბეგის რეგიონებს, ესტუმრება თუშეთისა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკს და გაეცნობა ქვეყანაში არსებულ მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით, სამთო კურორტები და მთაში მდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობები. აღინიშნა, რომ ჯასტინ კავანა საქართველოს რეგიონების  მონახულების  შემდეგ, „National Geographic” სპეციალური გამოცემაში “Complete National Parks of Europe” საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას  გამოაქვეყნებს.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯასტინ კავანამ განაცხადა, რომ მისი და მისი გუნდის ვიზიტის მიზანია, თუშეთში, ყაზბეგსა და სხვა სამთო რეგიონებში ეროვნული პარკების დათვალიერება და მათზე ვიზუალური მასალისა და პუბლიკაციების მომზადება. მისი თქმით, ინფორმაცია განთავსდება ინსტაგრამზე, აგრეთვე დაიბეჭდება არაერთ ჟურნალსა და კატალოგში. „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოში ყოფნით და მოხიბლულები - აქაური სტუმარმასპინძლობით“, - განაცხადა „National Geographic” – ის წარმომადგენელმა.

 

 „დიდი იმედი მაქვს, რომ „National Geographic” - ის ჯგუფი, რომელსაც ჯასტინ კავანა ხელმძღვანელობს, შეძლებს თავის პუბლიკაციებში გადმოცემული ინფორმაციით, გაუღვიძოს ინტერესი ტურისტებს, რომლებიც საკუთარ ტურებს ისეთი გამოცემების მიხედვით გეგმავენ, როგორიცაა „National Geographic” – ი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აღნიშნულ საგამომცემლო ჯგუფთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.

 

„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს საელჩოს ირლანდიაში და ტურიზმის ადმინისტრაციას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ტურის ორგანიზებას. ჯასტინ ჯავანა ეწვევა თუშეთსა და სხვა სამთო რეგიონებს და მოამზადებს პუბლიკაციებსა საქართველოს შესახებ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. იმედი მაქვს ამით უფრო გაიზრდება საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპრილში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნების ძეგლების, ღვინის კულტურის, ქართული სამზარეულოსა და უძველესი ტრადიციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჯასტინ კავანა დაინტერესდა საქართველოთი და ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალით. მისი ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 

big_banner
არქივი