logo_geo
როგორ ვასწავლოთ ბავშვს ჰოვერბორდით სიარული?
- +

5 აგვისტო. 2019. 15:39

 

დღეს ირგვლივ ბევრი საინტერესო გასართობი ნივთია. თანამედროვე მოზარდები ათასგვარ კონსტრუქტორებს უკვე გაჯეტებს ამჯობინებენ, ველოსიპედს კი, ამ ბოლო დროს, ჰოვერბორდი ურჩევნიათ. ეს უკანასკნელი მომავლის ტრანსპორტადაც კი განიხილება და ამის გამო მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. ამიტომ მშობლებს ისღა დარჩენიათ, შვილის სურვილი გაითვალისწინონ და ეს საოცარი „დაფა“ შეიძინონ.

 

რომელი მოდელი უნდა შეარჩიოთ ბავშვისთვის?

 

გარეგნულად ჰოვერბორდები ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, მშობელი ცდუნების წინაშე დგება - ხომ არ შეიძინოს ერთი ჰოვერბორდი მთელი ოჯახისთვის?

 

ასეთი ვარიანტი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი შვილის ასაკი 12 წელზე მეტია.

 

12 წლამდე ბავშვებისთვის კი არსებობს საბავშვო მოდელები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება მძღოლის ასაკის გათვალისწინებით.

 

რატომ უნდა შეიძინოთ ბავშვისთვის უშუალოდ საბავშვო მოდელები?

 

  1. მძღოლის წონა

ჰოვერბორდის კორექტული მოძრაობისთვის მძღოლი უნდა იწონიდეს, მინიმუმ, 20 კგ-ს. თუკი წონა ნაკლებია, სიგნალის არასწორი გადაცემა მოხდება და მოწყობილობის მართვა გაძნელდება;

 

  1. მოწყობილობის სიჩქარე

დიდებისთვის განკუთვნილი მოდელების სიჩქარეა 15-20 კმ/სთ. საბავშვო ვარიანტები გაცილებით ნელა მოძრაობს და მათი მაქსიმალური სიჩქარე, როგორც წესი, 10-12 კმ/სთ-ს არ აჭარბებს. შედეგად კი სერიოზული ტრავმის მიღების შანსი ძალიან დაბალია;

 

რა უნდა იცოდეთ ბავშვის უსაფრთხოებისთვის?

 

საბავშვო ჰოვერბორდს ისეთი კონსტრუქცია აქვს, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ტრავმირების რისკს. ამიტომ ეს მოწყობილობა პრინციპში უსაფრთხოა, თუმცა გარკვეული ზომების მიღება მაინც საჭიროა. მაგალითად:

 

  1. თვალყურის მიდევნება
    8 წლამდე ასაკის ბავშვი ჰოვერბორდზე უნდა სეირნობდეს მხოლოდ უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვი ყოველთვის ადეკვატურად ვერ აფასებს სიტუაციას, ამიტომ აქტიური თამაშისას შესაძლებელია დაშავდეს;

 

  1. სასეირნო გზის შერჩევა
    ჰოვერბორდი არ გახლავთ სრულყოფილი სატრანსპორტო საშუალება, ამიტომ ამ მოწყობილობით გადაადგილება მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ზონებშია დასაშვები. ამასთან, მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გზის ზედაპირი დაზიანებული არ არის და მანევრირებისთვისაც საკმარისი სივრცეა;

 

  1. სასეირნო ადგილი
    ბავშვმა ჰოვერბორდით მხოლოდ თანატოლების გვერდით უნდა იმოძრაოს. არ უნდა გადავიდეს იმ ზონაში, სადაც ამ მოწყობილობით მოზრდილები დადიან. მოზრდილის ჰოვერბორდს გაცილებით დიდი სიჩქარე აქვს და არსებობს შეჯახების საფრთხე, რასაც შეიძლება, სერიოზული ტრავმა მოჰყვეს;

 

  1. დაბრკოლებები
    მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ბავშვის მოძრაობის ზონაში არ იყოს მახვილი საგნები ან კუთხეები, რადგან გაუფრთხილებელი მოძრაობისას მათთან შეჯახებით შეიძლება ბავშვმა ჭრილობაც კი მიიღოს;

  2. ინდივიდუალური თავდაცვა
    დაბალი სისწრაფის მიუხედავად, რომელსაც საბავშვო ჰოვერბორდი ავითარებს, ნუ დაივიწყებთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებს. წაქცევის შემთხვევაში ისინი პატარას სერიოზული ტრავმებისგან დაიცავს; ბავშვს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამუხლეები, ხელთათმანები, იდაყვის ბალიშები და ეხუროს ჩაფხუტი; თუ საჭიროა, მშობელმა უნდა იზრუნოს ისეთი საშუალებების შეძენაზეც, რომლებიც ტანის დაცვას უზრუნველყოფს.

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ჰოვერბორდით სიარული?

 

ეს მოწყობილობა, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივია, ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ აქ არაფერია შესასწავლი - უბრალოდ, უნდა დადგე და წახვიდე.


მართალია, ჰოვერბორდის მართვა გაცილებით ადვილი ასათვისებელია, ვიდრე ველოსიპედის ან თუნდაც გორგოლაჭების, თუმცა აქაც საჭიროა გარკვეული ცოდნის დაგროვება.
ზოგადად, პირველადი ინსტრუქტაჟი 10-15 წუთს მოიცავს, რის შემდეგაც შეიძლება, დამოუკიდებლად გაიარო. ეს უმეტესად მოზრდილებს ეხებათ. მართალია, ასეთ ვადაში ბავშვებიც ითვისებენ, თუმცა ზოგ შემთხვევაში მშობლის მხრიდან ცოტა მეტი ძალისხმევა ხდება საჭირო. მაგალითად:


  1. ბავშვს აუხსენით, როგორია ამ მოწყობილობის მუშაობის პრინციპი

    რა თქმა უნდა, ტექნიკური დეტალებში ჩაღრმავება საჭირო არ არის, თუმცა ძირითადი მომენტების განმარტება აუცილებელია;

  2. თავად მოახდინეთ დემონსტრირება
    ამისთვის სულაც არ არის საჭირო, რომ ჰოვერბორდზე შედგეთ. საკმარისია, ხელისგულებით დაეყრდნოთ პლატფორმას და აჩვენოთ პატარას, როგორ რეაგირებს მოწყობილობა დაწოლაზე. შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, თავადაც სცადოს. მან უნდა გაიგოს, რომ რომელ მხარესაც უნდა მოხვევა, იმ მხარეს უნდა დააწვეს პლატფორმას. ასეთი ცდა ბავშვსაც ხელით გააკეთებინეთ - დააწვეს წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ და თან განუმარტეთ, როდის რა „ბრძანებას“ იღებს მოწყობილობა მძღოლისგან;

 

  1. ბავშვს აუხსენით, რომ არ არის საჭირო მკვეთრი მოძრაობები
    განუმარტეთ, რომ მოწყობილობას ძალიან მგრძნობიარე სენსორები აქვს, რომლებიც მყისიერად რეაგირებენ ყოველ მკვეთრ მოძრაობაზე. ასე რომ, ყოველი მკვეთრი დამუხრუჭება ან მოხვევა შესაძლოა იმით დამთავდეს, რომ პატარა ჰოვერბორდიდან გადმოვარდეს და სიარულისგან სიამოვნება ვერ მიიღოს;

 

  1. უსაფრთხო სივრცეში გაატარეთ პრაქტიკა
    როდესაც თეორიულ ახსნას დაასრულებთ, პრაქტიკის დრო დგება. შეიძლება, პირველად ბინაშიც კი ავარჯიშოთ, რათა თავიდან აიცილოთ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ტრავმა;

 

  1. პირველი გასეირნება
    როდესაც ბავშვი მართვის პრინციპში გაერკვევა, შესთავაზეთ ქუჩაში ან პარკში გასეირნება. თავდაპირველად ხელი ჩაკიდეთ. ამასთან, აუცილებლად აუხსენით, რომ პლატფორმაზე უნდა შედგეს სწრაფად - ორივე ფეხით თითქმის ერთდროულად, სიარულისას კი ფეხები ოდნავ მოხაროს მუხლებში - მეტი მდგრადობისთვის. თუკი თქვენი პატარა ჯერ 8 წლის არ არის, გვერდიდან ნუ მოშორდებით, ვიდრე ჰოვერბორდზე დგომას კარგად არ გაითავისებს;

 

  1. ადგილის შერჩევა
    სასურველია, ჰოვერბორდით სეირნობისთვის შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ცოტა ხალხია, რათა დამწყებ „მძღოლს“ მკვეთრი მანევრების ჩატარება არ მოუხდეს. სასეირნო ადგილის უფრო დიდი არჩევანი მას შემდეგ გექნებათ, რაც თქვენი პატარა კარგად „იგრძნობს“ ჰოვერბორდს.

    თუმცა, თუკი მოწყობილობა 6,5-დუიმიანია, მხოლოდ სწორ ზედაპირზე უნდა იმოძრაოთ, რაც არ უნდა დიდი გამოცდილება გქონდეთ.

 

 

რატომ ეშინია ზოგიერთ მშობელს შვილის ჰოვერბორდზე დაყენება?

მშობლები საკუთარი შვილისთვის ჰოვერბორდის შეძენამდე ბევრს ფიქრობენ და სიფრთხილეს იჩენენ. ეს არც არის გასაკვირი, მაგრამ მოდით, განვიხილოთ, რისი ეშინია მშობელს და რამდენად საფუძვლიანია ეს შიში?

 

  1. ტრავმები
    ჰოვერბორდით სეირნობისას, რა თქმა უნდა, არსებობს ტრავმის მიღების შესაძლებლობა. თუმცა ტრავმის მიღება ველოსიპედით სიარულის ან ნებისმიერი თამაშის დროსაც არ არის გამორიცხული. ასე რომ, ჰოვერბორდი ნამდვილად არ არის უფრო მეტი საფრთხის შემცველი. თუკი უსაფრთხოების წესები ზედმიწევნით იქნება დაცული, ტრავმის მიღების შესაძლებლობაც მინიმუმამდე შემცირდება.

 

  1. ფიზიკური განვითარება
    ზოგიერთი მშობელი შიშობს, რომ თუკი ბავშვი ინტენსიურად მოიხმარს ჰოვერბორდს, კუნთები შეუსუსტდება, წელში მოიხრება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც გაუჩნდება. ეს მოსაზრება მცდარია. და აი, რატომ: ჰოვერბორდზე დგომისას მუდმივად ბალანსის დაცვაა საჭირო. ამისთვის კი ინტენსიურად იტვირთება კუნთები, რომლებიც სირბილისას ან სხვა მსგავსი აქტივობისას ისვენებს. ამიტომ, თუკი ჰოვერბორდით სეირნობას გონივრულად მიუდგებით, ბავშვის სწორ ფიზიკურ განვითარებასაც შეუწყობთ ხელს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი