logo_geo
რას ყვება ისრაელის საზღვარზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე - ინსულინიც ვერ გავიკეთე, კინაღამ მოვკვდი
- +

9 აგვისტო. 2019. 02:10

 

 

ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების ტენდენცია დღემდე გრძელდება.

 

მალხაზ ფერაძე ერთ-ერთია საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც ისრაელის საზღვარზე არაადამიანურად მოექცნენ.

 

მიმდინარე წლის 31 ივლისს ფერაძე ისრაელში იქაურ მეგობართან ერთად, გამოკვლევების ჩასატარებლად მიდიოდა. მალხაზ ფერაძე გვიყვება, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს, სადაც უმძიმეს პირობებში უწევდა ყოფნა. უფრო დეტალურად, ისრაელის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ,  თავად მალხაზ ფერაძის მონათხრობიდან შეიტყობთ:

 

„31 ივლისს მივდიოდი ისრაელში, მეგობართან  ერთად, რომელიც ებრაელია და იქ ცხოვრობს, იქაური მოქალაქეა, იქაური ომის ვეტერანია. მე თვითონ ავად ვარ. წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. წამიყვანა, რათა ისრაელში გამოკვლევები ჩამეტარებინა. ორმხრივი ბილეთი მქონდა ნაყიდი, 10-ში მოვფრინავდი უკან.  მესაზღვრეებმა არ შემიშვეს იქ, ამიტეხეს ერთი ამბავი. ჩემმა მეგობარმა ატეხა განგაში, მთელი ემიგრაციის სამსახური ფეხზე დადგა, მიმართა პოლიციას. თუმცა, დაგვაშორეს ერთმანეთს, არც ამიხსნეს, რა ხდებოდა.ჩამსვეს მანქანაში, წამიყვანეს ციხეში, შემაგდეს კამერაში. სიცხეში ვიწვოდი, კამერაში არ იყო კონდიციონერი. ვამბობდი,  ავადმყოფი კაცი ვარ, ენაც არ ვიცოდი, ვერავის ვერაფერი გავაგებინე. არც თარჯიმანი მომიყვანეს, არც არავინ. ვიძახდი, რომ მჭირდებოდა ექიმი. ბოლო ბოლო, 3-4 საათის შემდეგ მიმიყვანეს ექიმთან, კინაღამ მოვკვდი. ჩანთა კამერაში  დამატოვებინეს, წამლები, ინსულინები ჩანთაში მქონდა. თავის დროზე ინსულინიც  ვერ გავიკეთე. კარგა ხნის შემდეგ, ციხეში მითხრეს, ტელეფონზე გეძახიანო. დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც მითხრა, რომ ადვოკატს, რაღაც სამსახურებს ვესაუბრეო და დღეს საღამოს ჩემთან სახლში მოგიყვანენო. თუმცა, ამათ ჩამიყვანეს კამერაში ისევ, ნახევარ საათში ჩამსვეს ავტობუსში და მიმიყვანეს აეროპორტში, სადაც 5-6 საათი მაცდევინეს. შემდეგ გამომაფრინეს საქართველოში და გადმომცეს პოლიციას. ამის შემდეგ მოვხვდი საავადმყოფოში, გუშინ გამომწერეს. ჩემმა მეგობარმა ისრაელში თავისი შეურაცხყოფისთვის საქმე აღძრა. ეს როგორი მოპყრობაა ქართველების მიმართ? სულ რაღაც წუთებით შევხვდი, ქალებიც დაჭერილი ჰყავდათ, ძირითადად ქართველები და უკრაინელები. რატომ გვექცევიან ასე?  რატომ არ აქცევენ ამას ყურადღებას?“, - განუცხადა მალხაზ ფერაძემ „პირველს“.

 

„პირველი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ  ისრაელთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად იმატა მგზავრთა გადაადგილებამ და შესაბამისად - საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებიც კვეთენ ისრაელის სახელმწიფო საზღვარს.

 

„ასეთი ინტენსიური გადაადგილების პირობებში ადგილი აქვს შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეებს უარს ეუბნებიან ისრაელში შესვლაზე. აღნიშნული არ არის დაკავშირებული ისრაელური მხარის საქართველოს მოქალაქეების მიმართ რაიმე განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებასთან. სასაზღვრო კონტროლის განხორციელება მიმდინარეობს იმ პროცედურების დაცვით, რაც უკვე რამდენიმე წელია - უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ - მოქმედებს, კერძოდ, მოქალაქეების საზღვრის კვეთისას შემოწმება [მათთან დამატებით გასაუბრება] საიმიგრაციო და უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია და, რა თქმა უნდა, არ ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. იგივე პროცედურას გადის ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ისრაელთან უვიზო რეჟიმი აქვს, მათ შორის, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ.; აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია რამდენიმე გარემოებასთან, კერძოდ, უმეტესობა იმ პირებისა, ვისაც უარს ეუბნებიან ისრაელში შემოსვლაზე, უკვე ჰყავთ ისრაელში ოჯახის წევრი, ნათესავი ან უდგინდებათ ისრაელში არალეგალურად მყოფ პირებთან კავშირი, რაც ისრაელის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად უკვე არის მესაზღვრისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის უარის თქმის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა რამდენად არის პირის ისრაელში ვიზიტის მიზანი აქ დარჩენა, კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნაა, რომ მას უარი უნდა უთხრან ისრაელში შესვლაზე, მათ შორის, არასრულწლოვან პირებს.

 

ზოგადად, არსებობს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ განსაზღვრული 28 მიზეზი, რის გამოც შესაძლოა საქართველოს მოქალაქეს უარი უთხრან ისრაელში შემოსვლაზე. აღნიშნული მიზეზების ჩამონათვალი არაერთხელ იქნა გამოქვეყნებული და მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისათვის. ასევე ისრაელში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განმარტებულია ისრაელის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების წესები და პირობები“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

რაც შეეხება მოქალაქეების მიმართ მოპყრობის საკითხს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტრო დეტალურად სწავლობს და ისრაელურ მხარესთან განიხილავს მოქალაქეების მხრიდან ამგვარ მიმართვებს.

 

„არც ერთი ამ ტიპის განცხადება ან მომართვა სამინისტროს რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია. გასათვალისწინებელია, რომ აეროპორტის როგორც საპასპორტო კონტროლის სივრცე, ისე საიმიგრაციო დაწესებულების ზონა აღჭურვილია შესაბამისი სისტემებით, მათ შორის, ვიდეო კამერებით, არც ერთი შემთხვევა, რომელიც მოქალაქეთა მხრიდან იქნა გაჟღერებული არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით ისრაელური მხარის მიერ არ იქნა დადასტურებული. ნიშანდობლივია, რომ მოქალაქეებს იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდებიან ისრაელური მხარის მიერ საელჩოსათვის წარდგენილი განმარტებებით, აქვთ შესაძლებლობა ისრაელში ლიცენზირებული ადვოკატის მეშვეობით მიმართონ სამართლებრივ გზებს, წარადგინონ შესაბამისი ფაქტების ამსახველი/ან სამართლებრივი გზით მოიპოვონ მასალები და მიაღწიონ მათი უფლებების აღდგენას.

 

აღნიშნულ პიროვნებას, არც მის ოჯახის წევრებს ისრაელში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. ვინაიდან მალხაზ ფერაძე, ამჟამად იმყოფება საქართველოში, მას შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, სადაც შეისწავლია მის საკითხს ისრაელში შესვლაზე უარის მიზეზების დადგენის მიზნით“, - განუცხადეს „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

big_banner
არქივი