logo_geo
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მის მშობლიურ სოფელში მიაგეს
- +

9 აგვისტო. 2019. 10:37

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, 2008 წელს, რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

 

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, სიკვდილის შემდეგ, ასევე დაჯილდოებულია, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

 

სამშობლოს თავდადებულ გმირთან, გიორგი ანწუხელიძესთან ერთად, დღეს კახეთში, თელავში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული სამშობლოს ჯარისკაცები გაიხსენეს. უწყების კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, თელავში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

 

big_banner
არქივი