logo_geo
ბოლნისში აგვისტოს ომის გმირების სახელობის ქუჩები გაიხსნა
- +

9 აგვისტო. 2019. 10:48

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები  სამსონ ბრეგვაძე, მურთაზ გაბიტაშვილი და უწყების ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ლევან ამირიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან, მერიის წარმომადგენელთან, შალვა ნიქაბაძესთან, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან, საკრებულოს თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების: საბა დადვანის, ასლან შაინიძისა და ნოდარ დევნოზაშვილის საფლავები გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

სამივე მებრძოლი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იყო. დღესვე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების  საბა დადვანის, ასლან შაინიძისა და ნოდარ დევნოზაშვილის სახელების უკვდავსაყოფად, მათ მშობლიურ სოფლებში, მათივე სახელობის ქუჩები გაიხსნა.

 

საბა დადვანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან იყო; ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. წოდებით კაპრალი, 18 წლის სნაიპერი, ცხინვალში, რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა; იგი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირია... სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

ასლან შაინიძე, წარმოშობით, აჭარიდან, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანადან გახლდათ. 3 წლის იყო, როცა მის სოფელს სტიქია დაატყდა და ოჯახი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში გადასახლდა. ასლანი ვაზიანის პირველ ბრიგადაში მსახურობდა. 2008 წლის ომის დროს, მისი ორივე ძმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა; ერთი მასავით ცხინვალში, მაგრამ სხვა ბატალიონში იბრძოდა, მეორე კი კოდორში. ასლანი ცხინვალის შესასვლელთან დაიღუპა _ფეხში დაიჭრა, მაგრამ მის საშველად მისულ ექიმებს, არ გამოჰყვა, რადგან მისი ასმეთაური იყო დაჭრილი; „ბათინკიდან“ თასმა მოიხსნა, ფეხზე შემოიკრა და ასმეთაურის საშველად ისე წავიდა. გამოყვანის დროს დაბომბვაში მოყვა...ასმეთაური გადარჩა, ასლანი კი _ დაიღუპა... იგი 23 წლის იყო. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

ნოდარ დევნოზაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევნიდან იყო. აგვისტოს ომის დროს სერჟანტი დევნოზაშვილი მარნეულის ბაზაზე იმყოფებოდა; ბრძანებას ელოდა, დაჭრილების წამოსაყვანად კოპიტნარში რომ წასულიყო, მაგრამ ამ დროს მტერმა მარნეულის ბაზის დაბომბვა დაიწყო. თვითმფრინავებთან იდგა მისი მანქანა, რომელსაც მტრის ჭურვი მოხვდა; მანქანა მთლიანად დაიწვა; ნოდარი კი აფეთქების ძალამ მანქანიდან გადმოაგდო... სერჟანტი ნოდარ დევნოზაშვილი 8 აგვისტოს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის.

big_banner
არქივი