logo_geo
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, უცხოური გამოცემები ქართველი დიპლომატების სტატიებს აქვეყნებენ
- +

9 აგვისტო. 2019. 18:36

 

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ჩეხურმა, თურქულმა, ესპანურმა და ლატვიურმა გამოცემებმა ქართველი ელჩების სტატიები გამოაქვეყნეს.

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ჩეხურ გაზეთ „ლიდოვე ნოვინში“ გამოქვეყნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიკა რაქვიაშვილის სტატია, სათაურით – „დავითი გოლიათის“ წინააღმდეგ.

 

პუბლიკაციაში საქართველოს ელჩი რუსეთ-საქართველოს ომზე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის საკითხზე საუბრობს.

 

ელჩი ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოს დეოკუპაციის საკითხში და ამ მხრივ ჩეხეთის თანამიმდევრულ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

 

„ჩეხეთი თავისი მხარდაჭერით მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ მიუღებელია სუვერენულ ქვეყნებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ წესრიგზე თავდასხმა ,“ - წერს მარიკა რაქვიაშვილი.

 

„მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედის ოკუპაცია, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია წარმატებების მიღწევა“,- ნათქვამია სტატიაში.

 

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე- 11 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გამოქვეყნდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია სახელწოდებით – Georgia’s reconciliation policy and democratic transition 11 years after the August 2008 occupation”.

 

სტატიაში ელჩი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამხედრო აგრესიის მე-11 წელს, ისევ გრძელდება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია, რაც, საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს.

 

ელჩის თქმით, პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

 

„ამ 11 წლის განმავლობაში, საქართველომ მიიღო არაერთი ქვეყნის მხარდაჭერა. ამ მიმართებით, მადლობას ვუხდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნავს გიორგი ჯანჯღავა სტატიაში.

 

ელჩის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო დემოკრატიული ცვლილებებისა და ეკონომიკურ განვითარების მიღწევა. ასევე, დაწინაურდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

„საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია სამშვიდობო დიალოგის წარმოებაში რუსეთთან. ამასთან, კონფლიქტი უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემას“, - წერს გიორგი ჯანჯღავა.

 

რუსეთ საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გამოქვეყნდა ესპანეთში საქართველოს ელჩის ილია გიორგაძისა და ლატვიაში საქართველოს ელჩის თეა მაისურაძის სტატიები.

 

სტატიებში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე და საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

 

ქართველი დიპლომატები თავიანთ სტატიებში ხაზს უსვამენ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

big_banner
არქივი