logo_geo
გუგა ქაშიბაძე: მზისგან დამწვრობის გამო, დაახლოებით 200 პაციენტს სტაციონარული, ხოლო 700-ს ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა
- +

9 აგვისტო. 2019. 20:35

 

„რუჯის მიღების მიზნით, მზისგან დამწვრობის გამო, დაახლოებით 200 პაციენტს სტაციონარული, ხოლო დაახლოებით 700-ს ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა“, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად გრილი ზაფხულისა, მზისგან დამწვრობის შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელი ზაფხული არ არის ჯერჯერობით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა იმ პაციენტების რაოდენობამ, რომლებსაც ჩვენთან, დამწვრობის ცენტრში ჩაუტარდათ ამბულატორიული თუ სტაციონარული მკურნალობა. ჩვენდა სამწუხაროდ და გასაკვირად, სტატისტიკა მომატებულია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მთელი აგვისტო წინ არის და კიდევ იმას, რომ ბუნებრივია ყველა პაციენტი ჩვენ არ მოგვმართავს და თვითმკურნალობის შემთხვევებიც ძალიან დიდი რაოდენობითაა, ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ რუჯი ისევ აქტუალურია ჩვენს მოსახლეობაში, ჩვენდა სამწუხაროდ“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

მისი თქმით, მზისგან დამწვრობის შემთხვევები, გაუფრთხილებლობის გამო, მცირეწლოვან ბავშვებშიც გვხვდება.

 

„პატარა ბავშვების შემთხვევაში დიდი პროცენტობა არ იყო, თუმცა მიმდინარე სეზონზე 30 შემთხვევა მაინც გვქონდა. საკმაოდ სერიოზული რიცხვია. დაახლოებით 200 პაციენტს დასჭირდა სტაციონალური მკურნალობა მთელი ზაფხულის განმავლობაში, ესეც საკმაოდ შთამბეჭდავია, ხოლო დაახლოებით 700 ამბულატორიულ პაციენტს აღმოვუჩინეთ დახმარება“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

ამასთან, მან მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ, რომ მზის გულზე ხანგრძლივად ყოფნა 11:00 საათიდან 16:00 საათამდე რეკომენდირებული არ არის.

 

„პატარა ბავშვები და მოხუცები უნდა მოვარიდოთ მზეს. არის გულსისხლძარღვთა და სხვა სისტემური დაავადებები, რომლის დროსაც კატეგორიულად აკრძალულია მზეზე და სიცხეზე ხანგრძლივად ყოფნა. ასევე, თუ ვაპირებთ სერიოზული რუჯის მიღებას და ამისთვის გვინდა ჩვენი შვებულების დღეები დავხარჯოთ, სჯობს კონსულტაცია გავიაროთ დერმატოლოგთან. რათა შეფასდეს ჩვენი კანის ტიპი“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი