logo_geo
ემიგრანტები თაღლითობის შესახებ გვაფრთხილებენ - სანამ ვინმეს დაეხმარებით, კარგად გადაამოწმეთ
- +

11 აგვისტო. 2019. 11:51

 

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია - იტალიაში გულის შეტევით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ქალი სინამდვილეში ცოცხალია.

 

„პრაიმტაიმი“ იმ მიზეზების დადგენით დაინტერესდა, რის გამოც თამუნა ბაზერაშვილის „გარდაცვალების“ შესახებ facebook მომხმარებელი ნოე ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერდა.

 

 

 

 

 

 

ეს ისტორია ისევ ბურუსით იქნებოდა მოცული რომ არა ისევ ერთი ემიგრანტი, რომელსაც გოგონას „გარდაცვალების“ გამო ფულადი დახმარება სთხოვა. მან კი თავის ნაცნობი ემიგრანტები გააერთიანა და არც თუ ისე ცოტა თანხა შეგროვდა. ანა გიორგაძე უკვე 7 წელია იტალიაში ემიგრანტია, თითქმის ყველა იქ მცხოვრებ ქართველს იცნობს, ახლად ჩასულებს ხშირად ეხმარება. ამბობს, რომ ინფორმაცია სასწრაფოდ გასავრცელებელია თაღლითური სქემის შესახებ, რომლის საშუალებითაც ის და კიდევ 5 ქართველი ემიგრანტი ქალი მატერიალურად დაზარალდა.

 

„იტალიაში 7 წელია ვცხოვრობ, აქ ძველ ჩამოსულებს ყველას ვიცნობ, ახლები თავად მაკითხავენ, რადგან სამსახურების შოვნა შემიძლია, ხშირად სხვა საკითხებზეც მეკონტაქტებიან ჩემთვის უცნობი ადამიანები. ამიტომ უცხო ადამიანისგან ზარი არ გამკვირვებია. მამაკაცი იყო, მითხრა, რომ ნოე ჯიბლაძის პოსტი მენახა, რეჯო კალაბრიაში ახალგაზრდა გოგონაა გარდაცვლილი და ოჯახს თანხა არ აქვსო. სამსახურში ვიყავი, იმ წუთებში არ მქონდა დრო რომ რამე გამერკვია, ისე ეჭვიც არ შემპარვია. მომწერა ანგარიშის ნომერი, საღამოს ჩემს 5 მეგობარ ემიგრანტს დავურეკე და მათაც 50-50 ევრო დადეს, ჯამში 600 ევრო შეგვიგროვდა და გადავრიცხე.

 

ორი დღე დუმდა „გარდაცვლილი“. ნოე ჯიბლაძის პროფილიც გაუქმებულია, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. მერე კითხვები რომ გაჩნდა თქვენი, „პრაიმტაიმის“ მეშვეობით გავიგეთ სიმართლე. ჩვენ ემიგრანტებს არ გვაქვს დალხენილი ცხოვრება, უამრავი ვალდებულება გვაქვს მხრებზე მოკიდებული. ჩვენთვის 50 ევრო არაა თანხა, რომელიც დაგვაქცევს თუმცა, ფაქტი შეურაცხმყოფელია. არავის მივცემთ უფლებას, გამოიყენოს ჩვენი თანაგრძნობა. ამიტომაც, უახლოეს დასვენების დღეს აქაურ პოლიციას მივმართავ. დაფიქსირებული მაქვს ტელეფონის ნომერი, საიდანაც დამირეკეს, ანგარიშის ნომერიც ვიცი, თანხა სადაც ჩავრიცხეთ. აუცილებლად პასუხს ვაგებინებ ყველა თაღლითს. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენს მსგავსად თაღლითების მახეში სხვებიც არ გაებან. მეგობრებო, ფრთხილად! დახმარების მთხოვნელები გადაამოწმეთ, შესაძლოა თაღლითები აღმოჩნდნენ თუ ვინმე  მიცვალებულზე ან ავადმყოფ ახლობელზე დახმარებას გთხოვთ, კარგად გაიგეთ ყველაფერი. თუ მსგავსი ფაქტების მოწმეები გახდით, აუცილებლად მიმართეთ პოლიციას. უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა მესმის და რეაგირების დროა“, - ამბობს ანა გიორგაძე.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „პრაიმტაიმი“ გარდაცვლილი ემიგრანტი ქალის შესახებ წერდა. მალევე თამუნა ბაზერაშვილის ახლობლები დაგვიკავშირდნენ და ინფორმაციის წაშლა გვთხოვეს. გადამოწმების შედეგად გავიგეთ, რომ გოგონას სახელითა და ფოტოებით ვიღაც სარგებლობს...

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი