logo_geo
მამუკა ბახტაძე: გასულ წელთან შედარებით, გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს
- +

13 აგვისტო. 2019. 15:31

 

„გასულ წელთან შედარებით, გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებს პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო უწოდა და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით გზების განვითარებისთვის  ბიუჯეტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.

 

„წელს ჩვენ 6 თვის განმავლობაში ჩავატარეთ იმ მოცულობის სამუშაოები, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული, ანუ მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან კარგი და სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ეს ტემპი ადასტურებს, რომ 2022 წლის ჩათვლით  დავასრულებთ ყველა მნიშვნელოვანი მასშტაბის მქონე ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში. ამასთან ერთად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სხვა გზების რეაბილიტაციაც. დღევანდელი დღის მოცემულობით, ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრის მანძილის ჩქაროსნულ მაგისტრალს და მიმდინარეობს 500 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ განვითარებას საქართველოს ისტორიაში ასეთი ტემპები არ ჰქონია. პრემიერის თქმით, ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება და მეტად დაჩქარდება ტემპებიც.

 

„ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყველაზე მტკივნეულ გამოწვევასთან, რომ დავძლიოთ სიღარიბე საქართველოში. დღეს არსებული სურათი ძალიან კარგი და იმედისმომცემია. ბუნებრივია, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გვექნება კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, სამინისტროს გუნდსა და პროექტების რეალიზაციაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

 

 

 

big_banner
არქივი