logo_geo
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა!
- +

18 აგვისტო. 2019. 00:01

 

 

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 35 წელი შეუსრულდებოდა.

 

გიორგი ანწუხელიძე დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში. 1999 წელს დაამთავრა ქვემო ალვანის საშუალო სკოლა. 2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან, 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის, 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. ერაყიდან დაბრუნებულს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა.

 

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. ქართველ მებრძოლს დაკითხვისას, დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, აიძულებდნენ, თანამებრძოლების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაეცა. მას შემდეგ, რაც აგრესორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, გიორგი ანწუხელიძე სიკვდილით დასაჯეს. მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ქართველი მებრძოლი დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

 

გიორგი ანწუხელიძემ მომავალ თაობებს პიროვნული ღირსებისა და სამშობლოს ერთგულების დიდი მაგალითი მისცა.

 

 

 

2009 წელს ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 2013 წლის 2 ნოემბერს "თუშების სადროშომ".

 

დიდება გმირებს!

 

 

big_banner
არქივი