logo_geo
ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება
- +

24 აგვისტო. 2019. 12:21
21

 

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

 

ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და ბიზნესსტრუქტურების თანადაფინანსებით ხორციელდება.

ფესტივალის ფარგლებში, გამაგრილებელი დესერტის დეგუსტაცია მოეწყობა, რომელსაც ბელორუსული კომპანია „მოროზპროდუქტ ჯორჯია“ უზრუნველყოფს. ღონისძიებას საკუთარი პროდუქციით კომპანიები: „სნო“, და „ზედაზენი” გაამრავალფეროვნებენ, ხოლო ფონდის თანადამფინანსებლები – „საჭაშნიკე“, „კოკა-კოლა“ და „ლიდერფუდი“ საბავშვო გასართობ პროგრამებს უზრუნველყოფენ. კერძოდ, მოეწყობა სახატავი კუთხე, სადაც ბავშვები ზაფხულის თემატიკაზე ნახატებს დახატავენ. საუკეთესო ნამუშევრის ავტორს თავად ანუკი არეშიძე დააჯილდოებს.

 

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძეც დაესწრება. როგორც მერის მოადგილე - მარინა ზურაბიშვილი ამბობს, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მსგავსი სამოქალაქო ინიციატივები ყოველთვის სასიხარულოა.

 

„შემოთავაზება მივიღეთ ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდისგან, რასაც რა თქმა უნდა, დიდი აღფრთოვანებით შევხვდით, იმიტომ, რომ ეს ფესტივალი სწორედ იმ ბავშვებს ეძღვნებათ, რომლებიც ჩვენთვის მუდამ ინტერესის სფეროში არიან მოქცეულნი. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სოციალურად დაუცველებზე და შშმ პირებზე ზრუნვა ნამდვილად პრიორიტეტულია. ამ შემოთავაზებით ძალიან მოხარულნი დავრჩით, რადგან ჩვენ მათ ერთ სასიამოვნო დღეს ვაჩუქებთ. გიორგი კაპანაძე უშუალოდ არის ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული და პირადად აკონტროლებს მერიის მხრიდან საჭირო ყველა საორგანიზაციო საკითხს“, - ამბობს მარინა ზურაბიშვილი.

 

ფესტივალის ერთ-ერთი თანადამფინანსებელი კომპანია „საჭაშნიკეა“. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე - შორენა შავიშვილი ამბობს, მსგავსი აქტივობები მათთვის პრიორიტეტულია. მისი თქმით, აღნიშნული ფესტივალი ბავშვებს საზოგადოებაში ურთიერთინტეგრაციასა და ჯანმრთელი კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარება.

 

„ჩვენი კომპანია ნამდვილად გამოირჩევა ქველმოქმედებით. ჩვენ გვყავს გამიზნული ჯგუფები, რომლებსაც, ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. სწორედ სოციალურად დაუცველი ბავშვები და შშმ პირები შედიან ამ გამიზნულ ჯგუფებში. ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ფონდისგან მსგავსი შემოთავაზება მივიღეთ. ბევრი არ გვიფიქრია, დავთანხმდით, რომ ვყოფილიყავით ღონისძიების თანადამფინანსებლები. ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება, როგორც ერთჯერადად, ისე მუდმივად. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც უცხო. მადლობა ფონდს, რომ მოგვეცა საშუალება, კომპანია „საჭაშნიკე“ კიდევ უფრო მეტად იყოს სოციალურ აქტივობებში ჩართული“,- აღნიშნა შორენა შავიშვილმა.

ნაყინის ფესტივალს კიდევ ერთი სპონსორი ჰყავს - კომპანია „ლიდერფუდი“. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, კატო კიკაბიძის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისა და შშმ პირებისთვის, საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად თავის დამკვიდრების მიზნით, მათი ფსიქო-კომპლექსური დამოკიდებულების დარღვევა, ერთიანობის შეგრძნების გაღრმავება და მოტივაციის ამაღლება აუცილებელია.

 

„ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, გვერდით დაუდგეს მსგავს აქტივობებს, მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებს და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხება. მგონია, რომ მხოლოდ ჩვენი კომპანიის კი არა, ზოგადად, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც კი არის, ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვისაც კონკრეტული ზრუნვა და ფინანსები აკლია, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ა.შ. მომავალი თაობებისთვის ხელის შეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. აუცილებელია, ჩავერთოთ მსგავს სოციალურ პროექტებში, მით უმეტეს, როდესაც არის აბსოლუტური გამჭვირვალობა და ზუსტად ვიცით, რომ ეს თანხები მათთან მიდის და მათ სასიკეთოდ იხარჯება. ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ მსგავს აქტივობებს, მით უფრო, როცა იმ რეგიონში და იმ კონკრეტულ ქალაქში ხდება, სადაც ჩვენ ვფუნქციონირებთ, როგორც საწარმო“, - ამბობს „ლიდერფუდის“ მარკეტინგის მენეჯერი კატო კიკაბიძე.

 

შეგახსენებთ, რომ გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი დღეს, 17:00 საათზე, მცხეთის ცენტრალურ სკვერში გაიმართება. უამრავ სიურპრიზთან და გათამაშებასთან ერთად, ფესტივალის სპეციალური სტუმარი იტალიელი მზარეული ენცო მარი და ნუცა სურგულაძე იქნებიან, რომლებიც სტუმრებს, ექსკლუზიური რეცეპტით დამზადებულ სხვადასხვა სახის დესერტსა და კოქტეილებს შესთავაზებენ.

 

გასართობი პროგრამა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ინიციატორის, მუნიციპალიტეტის მერიისა და პარტნიორი კომპანიების შეთანხმებით, მსგავსი სახის მასშტაბური გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და პერმანენტულ სახეს მიიღებს.

 

 

 

 

 


 


 

 


 

 

big_banner
არქივი