logo_geo
მიხეილ ბატიაშვილი: ტექნოლოგიები სასკოლო პროცესის ნაწილი ხდება
- +

4 სექტემბერი. 2019. 16:13

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სკოლაში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა.

 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, შეიცვალოს მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ და აღნიშნა, რომ ახალ მიდგომებთან ერთად სასწავლო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნოლოგიების შეტანა.

 

„ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითონ კლასში და ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ანალიტიკური უნარები, ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირება, გუნდურობა, კრეატიულობა. დღეს მართლაც შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ 150 სკოლაში ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმ გეგმებს, რომელთაც ამ ტრიბუნიდან რამდენიმე თვის წინ დაგპირდით. 2022 წელს ახალი სასწავლო მიდგომა დედაქალაქისა და რეგიონის ყველა სკოლაში დაინერგება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა სკოლების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვის მნიშვნელობასაც.

 

„მოხარული ვართ, რომ ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. ეს იქნება არა ნეთბუკები, არამედ სრულყოფილი კომპიუტერები, რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპიუტერებში ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა, როგორიც არის „მაიკროსოფტი“ და ბევრი სხვა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლების „ვაიფაით“ უზრუნველსაყოფად, რადგან წარმოუდგენელია დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე ინტერნეტის გარეშე. წლევანდელ წელს მართლაც უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით და სკოლების მეოთხედი ფაქტიურად გადაფარული გვაქვს უკაბელო ინტერნეტით. ვფიქრობთ, ამ სამუშაოს ორი წლის განმავლობაში მთლინად დავასრულებთ და ყველა სკოლა იქნება უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ინტერნეტით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი