logo_geo
მიხეილ ბატიაშვილი: ვერანაირ რეფორმასა და წინსვლაზე ვერ ვისაუბრებდით, თუ არ ...
- +

4 სექტემბერი. 2019. 16:47

 

„ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგების პირობების გაუმჯობესება, რადგან ჩვენ ვერანაირ რეფორმასა და წინსვლაზე ვერ ვისაუბრებდით, თუ არ გადავდგამდით ისეთ ქმედით ნაბიჯებს, როგორიცაა მასწავლებლების სახელფასო ანაზღაურება“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ოქტომბრის პირველი კვირიდან ყველა პედაგოგს ანაზღაურება დაახლოებით 150 ლარით გაეზრდება და ზრდა ყოველწლიური იქნება.

 

„რამდენიმე წელიწადში, 2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს მიაღწევს, წამყვანი მასწავლებლის 2150 ლარს, მენტორი მასწავლებლების კი, 2450 ლარს. ეს არის მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ, პედაგოგები უზრუნველვყოთ ყველანაირი პირობებით, რომელიც თავისთავად აისახება სასწავლო პროცესზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება როგორც სკოლის დირექტორებისთვის, ასევე სკოლის ადმინისტრაციაში ჩართული პერსონალისთვის და რესურსცენტრებისთვის.

 

„ფაქტობრივად, სასკოლო სისტემაში ჩართულ ყველა ადამიანს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სტატუსი, ამ შემოდგომიდან გაუუმჯობესდებათ პირობები. ვფიქრობთ, ეს მართლაც კარგი საფუძველია, რათა ვიფიქროთ მათი ცოდნის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე. რაც მთავარია, ჩვენ შევქმენით კარგი საფუძველი, რათა პედაგოგებს ჰქონდეთ მართლაც ღირსეული ანაზღაურება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

ამასთან, როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, სტატუსის ამაღლების სურვილი წელს 31 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა.

 

„მეორე პარალელური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს განათლების სფეროში, არის პედაგოგების გამოცდები. გაზაფხულზე განხორციელდა პირველი ეტაპი და ძალიან ამაყები ვართ, რომ 31 000 პედაგოგმა გამოთქვა სურვილი სტატუსის ამაღლების შესახებ. ახლა როგორც ვიცით, მონაცემები დამუშავების სტადიაზეა. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება შედეგები. ძალიან დამაიმედებელია, რომ უკვე დარეგისტრირებული გვყავს 10 000 ახალი პედაგოგი, რომელიც რეალურად შემოდის სისტემაში.

 

შემოდგომაზე ექნებათ კიდევ ერთი შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ, რადგან შეიძლება ვინმემ ვერ ჩააბარა ან ახლა გაუჩნდა სტატუსის ამაღლების სურვილი. სტატუსის ამაღლებასთან ერთად მოხდება მათი პირობების გაუმჯობესება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი