logo_geo
ვანდალიზმი - ასე გამოიყურება გლდანში ერთი თვის წინ საზეიმოდ გახსნილი პარკი
- +

5 სექტემბერი. 2019. 02:03

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა ფოტო მასალა, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ვანდალიზმის ფაქტებს აღწერს.

 

კალაძის თქმით, ერთი თვის წინ გლდანის მე-6 მიკრო რაიონში საზეიმოდ გახსნილი პარკი თითქმის განადგურებულია, დამტვრეული და დაზიანებულია იქ არსებული ინფრასტრუქტურა.

 

„ერთი თვის წინ გლდანის მე-6 მიკრო რაიონში საზეიმოდ გავხსენით ახალი პარკი, რომელიც 3 ჰექტარზეა გადაჭიმული. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და ჩვენ, პრაქტიკულად შევასრულეთ  დაპირება, რომ იქ მოეწყობოდა დასასვენებელი სივრცე ახალი ხე-მცენარეებით, სკეიდბორდებისთვის, ველოსიპედებისთვის, საკალათბურთო მოედანი,  შინაური ცხოველებისთვის გამოყოფილი სპეციალური ზონა, განათება და ა.შ. ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები. ძალიან არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საზეიმოდ გახსნიდან ერთი თვის თავზე პარკი არის ფაქტობრივად გაუბედურებული და დაზიანებული.

 

ყველა ბედნიერი იყო ამ პარკის გახსნით და ჩატარებული სამუშაოებით, მაგრამ დღეს აი ასეა დამტვრეული იქ არსებული ინფრასტრუქტურა. დარბეული და დაზიანებულია ყველაფერი. უბრალოდ გული მწყდება“, – განაცხადა კალაძემ.

 

მან შესაბამის სამსახურებს დაავალა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, მათ შორის ადამიანური რესურსების და სამეთვალყურეო კამერების დამატებით.

 

„ნამდვილად არ შევეგუები ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით, თუმცა ამაში მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს. სამწუხაროდ ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის მე-6 მიკრო რაიონში მდებარე პარკს, ასეთი შემთხვევები არის სხვადასხვა ადგილებში“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი