logo_geo
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებთან დაკავშირებით, 8-დან 15 სექტემბრის ჩათვლით, ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება
- +

5 სექტემბერი. 2019. 19:12

 

 

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებთან დაკავშირებით, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

 

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება შემდეგ მონაკვეთებს: პაატა დათუაშვილის ქუჩასა (მე-4 მიკრორაიონი) და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე) მოძრაობა სრულად აიკრძალება. ასევე, დაიკეტება თამაზ ნადარეიშვილის ქუჩა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანები კი, მოძრაობას გააგრძელებენ მხოლოდ ლისის ტბის მიმართულებით;

 

ავტოტრანსპორტით გადაადგილება ასევე აიკრძალება ელგუჯა ამაშუკელისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებზე გამომსვლელ ყველა ქუჩაზე.

 

ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებენ როგორც ვარაზის ქუჩით და ბესო ჟღენტის ქუჩის გავლით ნუცუბიძის ქუჩაზე; ასევე, მოძრაობას შეძლებენ ლისის ტბის მხრიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

 

ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის ფერდობზე მიმავალი ავტომანქანები ლისის ტბის წრიდან იმოძრავებენ ბერიტაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოხვდებიან მე-4 მიკრორაიონში.

 

10 სექტემბერს 00:00 საათიდან 11 სექტემბრის 00:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე.

 

ნუცუბიძის ფერდობის მე-5 მიკრორაიონამდე მისასვლელი გზა სრულად დაიკეტება.

 

მე-5 მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქის სხვა უბნების მიმართულებით, როგორც ქვეითად, ასევე, კერძო ავტომობილებით, გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება 00:00 საათიდან 08:00 საათამდე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას დილის და საღამოს საათებში ფილმის გადამღები კომპანიის ავტოტრანსპორტი მოემსახურება. ასევე, დღის განმავლობაში პერიოდულად გაიხსნება მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ მიმავალი გზა.

 

 

big_banner
არქივი