logo_geo
მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში საქართველო ორი პოზიციით დაწინაურდა
- +

7 სექტემბერი. 2019. 01:24

 

„მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა.

 

აღნიშნულ კვლევას „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.

 

ანგარიშის თანახმად, საქართველოს 7 ქულიდან 3,9 ქულა აქვს მინიჭებული – 7 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 1 ქულა კი, ყველაზე ცუდი.

 

2017 წელთან შედარებით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ორი პოზიციით დაწინაურდა, ორი წლის წინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ქვეყანა 70-ე ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა.

 

რეიტინგის თანახმად, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს, მას საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და აშშ მოჰყვება. მომდევნო ხუთი ქვეყნის სია კი ასე გამოიყურება – დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, იტალია, კანადა და შვეიცარია.

 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე, სომხეთი 78-ე, რუსეთი 39-ე, თურქეთი კი, 43-ე ადგილს იკავებს.

 

სიის ბოლოს არიან ლიბერია, ჩადი და იემენი.

 

ვიზიტორებისთვის ქვეყნის მიმზიდველობის შეფასებისას კვლევის ავტორები ითვალისწინებდნენ ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ბუნებრივი და კულტურული რესურსები; ინფრასტრუქტურა – გზები, პორტები, აეროპორტები, სასტუმროები; უსაფრთხოება; ბიზნესგარემო; კონკურენტუნარიანი ფასები; ჯანდაცვა და ჰიგიენა; გარემოს დაცვა; შრომითი ბაზარი და ადამიანური რესურსები.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი