17 სექტემბერს პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო დასრულდა. სულ დარეგისტრირდა 26 600-ზე მეტი აპლიკანტი.
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრაცია მიმდინარეობდა მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უკვე მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.
პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, პრაქტიკოს მასწავლებელს კი უფლება აქვს, დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.
პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები (ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტ-ქულებს.