logo_geo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარასა და გურიაში იმყოფებიან
- +

18 სექტემბერი. 2019. 16:46

 

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის დავალებით, უწყების სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ წერეთელი და დეპარტამენტის თანამშრომელი, კარლო ხმელიძე, ოფიციალური მივლინებით, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარისა და გურიაში გაემგზავრნენ. ისინი ამ რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდებიან, ადგილზე გაეცნობიან იმ პრობლემებს, რომლებიც უწყების ბენეფიციარებს სამართლებრივი კუთხით აქვთ და კანონის ფარგლებში, დახმარებას აღმოუჩენენ.

 

უწყების იურისტები ვეტერანებს დაეხმარებიან სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვ.) შედგენაში და საჭიროების შემთხვევაში, მათ თხოვნას, განცხადებებსა თუ ინიციატივებს, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარადგენენ.

 

რეგიონებში ვეტერანთა უმრავლესობა მოკლებულია კვალიფიციური იურიდიული დახმარების შესაძლებლობას;  ამის გამო, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს არა ერთი სამართლებრივი პრობლემა დაუგროვდათ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა მოგვარებაც, კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის საშუალებით, სასამართლო ხელისუფლების ჩაურევლად შეიძლებოდა. ვლადიმერ იმნაძემ სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარასა და გურიაში საგანგებოდ სწორედ იმ ბენეფიციართა დასახმარებლად მიავლინა, რომელთაც იურიდიული დახმარება ესაჭიროებათ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საოჯახო დავები; მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები; დევნილთა უფლებების დაცვა; სოციალური დახმარება; პენსია; სახელმწიფო კომპენსაცია; ქონებრივი დავები; სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვა ნებისმიერი საკითხები.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი აჭარასა და გურიაში 26 სექტემბრამდე გასტანს, რომლის ფარგლებშიც, უწყების იურისტები სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.

 

უწყების სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი პერმანენტულად განახორციელებს მსგავს აქციებს საქართველოს ყველა რეგიონში, რის შესახებაც, ვეტერანებს სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ადგილობრივი სამმართველოები წინასწარ მიაწვდიან ინფორმაციას.

 

 

 

 

big_banner
არქივი