logo_geo
ირინა წეროძე: საქართველოში გაცემულ კვალიფიკაციას შრომის საერთაშორისო ბაზარი დღეს უკვე აღიარებს
- +

19 სექტემბერი. 2019. 01:00

 

„დღეს საქართველოში გაცემულ კვალიფიკაციას შრომის საერთაშორისო ბაზარი უკვე აღიარებს. სახელმწიფო რეფორმის პრიორიტეტია, რომ საქართველოს მოქალაქე კონკურენტუნარიანი იყოს როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

 

გადაცემაში საქართველოში დასაქმების პრობლემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს.

 

გადაცემის თანაწამყვანმა, კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტმა, სოსო გალუმაშვილმა გუშინ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები განიხილა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 61 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, მათ შორის თვითდასაქმებულებიც. ამ ადამიანების უმეტესობა საშუალოზე დაბალი ხელფასის მიღების შემთხვევაში თავს დასაქმებულად ჩათვლიდა. პარალელურად, კვლევის შედეგებით, დამსაქმებლები მუდმივად ჩივიან, რომ უჭირთ კვალიფიციური მუშახელის პოვნა.

 

წეროძის თქმით, უმუშევრობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას დაბალი კვალიფიკაცია წარმოადგენს და სახელმწიფოს მიერ გატარებული პროფესიული სწავლების რეფორმის პრიორიტეტი სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

 

„რეფორმის მთავარი მიზანია, რომ ჩვენი სამუშაო ძალა კონკურენტუნარიანი გახდეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რეფორმის მამოძრავებელი ძალა არის ის სტატისტიკა, რაც დღეს შრომის ბაზარზე არსებობს. მხოლოდ ორი ციფრი რომ ვთქვათ, ეს არის მილიონ 600 ათასი დასაქმებული ადამიანი, როგორც თვითდასაქმებული, ისე დაქირავებული და მათგან 700 ათასი ფლობს მხოლოდ სრულ ზოგად განათლებას, ანუ სკოლის. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს პროფესია არა აქვთ, არ ფლობენ თანამედროვე უნარებს, რაც დღეს დამსაქმებელს სჭირდება. სწორედ აქედან მომდინარეობს დამსაქმებელთა საყვედურები, რომლებიც მაღალკვალიფიციურ ან შესაბამისი უნარის მქონე ადამიანს ვერ პოულობენ, რადგან ამ მილიონამდე ადამიანის უნარები სულ მცირე გასაახლებელია“, – განაცხადა წეროძემ.

 

მისი განმარტებით, აღნიშნული ზრდასრული დაბალი კვალიფიკაციის ადამიანების გადასამზადებლად სახელმწიფომ ძალიან მოხერხებული სისტემა შექმნა, რომელიც ორწლიანი სწავლების შემდეგ კურსდამთავრებულს ანიჭებს სერტიფიკატს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული.

 

„ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც სწრაფად სჭირდებათ გადამზადება, რადგან ბევრი დრო არ აქვთ, რომ სწრაფად მიიღონ ახალი პროფესია ან ახალი უნარები, რაც დასაქმებაში დაეხმარება, მათთვის სახელმწიფომ უნიკალური სისტემა შექმნა. ეს სისტემა სწრაფ დასაქმებასა და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული. დღეს საქართველოს ყველა რეგიონში შესაძლებელია ორწლიანი უფასო პროფესიული განათლების მიღება, რომელიც დიპლომით სრულდება. გარდა ამისა, სრულიად უფასოდ, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, შეიძლება, ჩაირიცხონ კოლეჯებში ან კერძო იურიდიულ პირებში, რომლებიც მოქალაქეებს ნებისმიერ გადამზადებას შესთავაზებენ, იქნება ეს ორთვიანი, სამთვიანი თუ ექვსთვიანი. ყველგან სადაც სახელმწიფო სერტიფიკატს გასცემს, სახელმწიფო დააფინანსებს“, – განმარტა წეროძემ.

 

პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული კვალიფიკაციის ახალი ჩარჩოს მიხედვით, საქართველოში გაცემულ სერტიფიკატებს საერთაშორისო ბაზარიც აღიარებს.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული კვალიფიკაციების ახალ ჩარჩოზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში შევიდა ძალაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული კვალიფიკაციები დღეს ნდობას საერთაშორისო შრომის ბაზარზე იმსახურებს. დღეს მაგალითად გერმანიაში თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, თუ დამსაქმებელი გადაწყვეტს დაასაქმოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს ახლად გაცემულ დიპლომს თავისი დანართით, იქ ამოკითხული კვალიფიკაცია დამსაქმებლის ქვეყნის მოქალაქის დიპლომის იდენტური იქნება“, – დააზუსტა წეროძემ.

 

 

 

big_banner
არქივი