logo_geo
საქართველო ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში გაწევრიანდა
- +

20 სექტემბერი. 2019. 19:22

 

ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა.

 

ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი საქართველო გერმანიასთან ერთად გახდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება პორტუგალიის ქალაქ სინტრაში დღეს მიიღეს, სადაც ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის მესამე საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით – „ახალი ერა ისტორიული ბაღების მართვასა და შენარჩუნებაში” მიმდინარეობს.

 

გაერთიანებაში წევრობის ნომინაციაზე საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა, რომლის სახით კავშირის საერთაშორისო ფორუმს ქართული დელეგაცია პირველად ესწრება.

 

ისტორიული ბაღების ევროპული კავშირი ქმნის „ისტორიული ბაღების მარშრუტს”, რომელიც ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში წევრიანდება.

 

ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში გაწევრიანების პირობებში საქართველო ავტომატურად ერთვება ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში, სადაც ქვეყანა ხუთი ისტორიული ბაღით იქნება წარმოდგენილი – თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და წინანდლის ჭავაჭვაძეების ისტორიული ბაღი.

 

ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დღესვე გადაწყდა, რომ გაერთიანების IV საერთაშორისო ფორუმს 2020 წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს. მომდევნო წელს ღონისძიება თბილისსა და წინანდლის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ევროპულ მარშრუტში საქართველოს ისტორიული ბაღების გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლებზე ისტორიული ბაღებით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში ამ დრომდე მხოლოდ სამი ქვეყანა იყო გაწევრიანებული – ესპანეთი, იტალია და პორტუგალია.

 

 

 

big_banner
არქივი