logo_geo
ჩაჟაში, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ
- +

24 სექტემბერი. 2019. 12:23

 

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო „ICOMOS საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩაჟაში შეძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ.

 

მიზეზად უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო თანამედროვე მშენებლობები სახელდება.

 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას.

 

„ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება შემუშავებული პროექტის დარღვევით. მთელ რიგ შემთხვევებში გამოყენებულია არატრადიციული, არათავსებადი მასალები და ტექნოლოგიები (როგორიცაა ცემენტის დუღაბი, გადახურვებში რუბეროიდის ფენილი, გადახურვის გადაკერებული ძელები და ა.შ.). რიგ შემთხვევებში, იკვეთება შემსრულებელთა მხრიდან შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონა (ფიქალის გადახურვის მოწყობა და აშ.). სახეზეა საავტორო ზედამხედველობის არარსებობის და არასაკმარისი მონიტორინგის შედეგები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტრადიციულ სამშენებლო მასალასთან წვდომის საკითხი დასმულია მთავრობის წინაშე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და ჯერაც არ არის გადაწყვეტილი; საგანგაშოა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელების თუ რიგ შემთხვევებში, ასეთ სამუშაოებზე ნებართვის გაცემაზე დაჟინებული მოთხოვნის ფაქტების სიმრავლე, ვინაიდან ეს ნათლად აჩვენებს მათ გაუთვითცნობიერებულობას როგორც ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ღირებულებების, ისე ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის დაკარგვის რისკებთან დაკავშირებით. უშგულის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარშემო შექმნილი ვითარება სიღრმისეულად უკავშირდება ძეგლის მართვის სისტემის პრობლემებს. ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია დგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სექტორის წინაშე და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის დროს გამოვლენილ ხარვეზებს აღმოფხვრიან, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, სავალალო შედეგი უკანონო მიშენებებმა გამოიწვიოს.

 

„რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ. ორად უნდა გავყოთ ეს განცხადება. ერთი, სადაც წერია, რომ რეაბილიტაციისას ხარვეზებია, რაზეც კომპანიას უკვე მიეცა მითითება, რომ გამოასწოროს ეს ხარვეზები. მაგრამ მთავრი აქცენტი არის უკანონო მშენებლობა. იმ სახლების გამო, რომლებსაც ადგილობრივები აშენებდნენ, შეიძლება შეექმნას საფრთხე“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

 

მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის გაზაფხულზე იუნესკოს ექსპერტებს ელოდებიან, რათა მათ ადგილზე შეაფასონ ვითარება და პრობლემის გამოსასწორებლად რეკომენდაციებიც გასცენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი