logo_geo
ექიმის ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორი პირიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
- +

30 სექტემბერი. 2019. 17:41

 

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

როგორც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ფირცხალაიშვილმა განაცხადა, ის მუცლის არეში, ქვედა კიდურში და ზურგის არეშია დაჭრილი, თუმცა ექიმი ვერ აკონკრეტებს, დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს თუ არა მიყენებული.

 

ამასთან, მისივე თქმით, დაშავებულს თავის არეში, კანქვეშ აქვს ჰემატომა, რაც ექიმის თქმით, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია.

 

როგორც ექიმმა აღნიშნა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა, სავარაუდოდ, არცერთი არ არის.

 

„ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული“, - განაცხადა ექიმმა.

 

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაწერენ.

 

„ზედაპირული ჭრილობა აქვს ქვედა კიდურის არეში, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და ალბათ, რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან“, - აღნიშნა ექიმმა.

 

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება, რის შედეგაც ორი ადამიანი დაჭრეს, ყიფშიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი