logo_geo
დღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
- +

2 ოქტომბერი. 2019. 13:21

 

დღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, ექნება შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას.

 

„რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით. ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია ონლაინ რეგისტრაციის პორტალზე www.vet.emis.ge. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან აღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით“,- განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.

 

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. გარდა ამისა, იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.

 

„წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა, დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე“,- განაცხადა ვაშაკიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი