logo_geo
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ექიმების ხელფასების ანაზღაურება სამინისტროს კომპეტენცია არ არის
- +

4 ოქტომბერი. 2019. 15:55

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მედიკოსების ანაზღაურების საკითხი კლინიკის შუა რგოლის მენეჯმენტის ფუნქციაა, რაშიც სამინისტრო არ ერევა. ამის შესახებ გაბუნიამ ექიმების გარკვეული ნაწილის პროტესტის საპასუხოდ განაცხადა, რომელთაც დღეს აქცია გამართეს.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, ონკოლოგიურ საავადმყოფოსთან უწყება იმავე პირობებით მუშაობს, როგორც ქვეყანაში არსებულ 300-მდე დაწესებულებასთან, შესაბამისად, ფინანსების საკითხი წინასწარ განსაზღვრული დაგეგმილი ვადებისა და მექანიზმების საფუძველზე გვარდება.

 

„ონკოლოგიური საავადმყოფო მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების ფარგლებში და აწვდის სერვისებს, რაც გათვალისწინებულია საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. გადახდა და ანაზღაურება სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ხდება დადგენილი წესების მიხედვით, აქედან გამომდინარე, მაისის თვის თანხა არის გადახდილი ისევე, როგორც ყველა სხვა კლინიკაში და მიმდინარეობს ივნისის თვის ფინანსური მონაცემების დამუშავება, რათა მოხდეს თანხის ანაზღაურება. სააგენტოსთან, აბსოლუტურად იდენტურ რეჟიმში ფუნქციონირებს ყველა სხვა კლინიკა, რომელიც  ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს და ეს არის წინასწარ განსაზღვრული დაგეგმილი ვადები და მექანიზმები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოხდა პერსონალისთვის ხელფასების გადახდა, ამაზე პასუხი კონკრეტულ დაწესებულებაში მენეჯმენტს ექნება, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო დაწესებულებების მიკრომენეჯმენტში ვერ ერევა, ქვეყანაში არის 300-მდე დაწესებულება, მათ შორის, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, ჯანდაცვის სამინისტრო ამ დაწესებულების მიკრომენეჯმენტის ფუნქციებში არ შედის“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

 

 

big_banner
არქივი