logo_geo
თამარ გაბუნია: სამინისტროს სტრატეგიული ხედვაა, რომ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 17:46

 

„სამინისტროს სტრატეგიული ხედვაა, რომ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

 

„ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. სახელმწიფოს ინტერესია, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს საკუთრებაში სანიმუშო კლინიკები, რაც იქნება სამაგალითო და შექმნის კონკურენტულ გარემოს სამედიცინო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო სექტორის გაძლიერება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

 

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება ოპტიმალური სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სერვისების გაუმჯობესება.

 

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების საკითხს, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ის დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა და თანხების გადარიცხვა ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით.

 

„ონკოლოგიური საავადმყოფო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით აწვდის სერვისებს. ის დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა. მათი დაფინანსება ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით“, – განაცხადა მან.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო არც ერთი სამედიცინო დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა და მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკები შეინარჩუნოს და გააძლიეროს.

 

„ქვეყანაში არის 300-მდე სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლინიკები. სამინისტრო არცერთი ამ დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს დატვირთვა არის დაბალი, უტილაზიცია 30 პროცენტს არ აღემატება, აქ იკვეთება ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განვითარების საჭიროება. სამინისტრო მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს მის საკუთრებაში არსებული საავადმყოფოები“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

 

ონკოლოგიური საავადმყოფოს, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასა და სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვენ.

 

 

 

big_banner
არქივი