logo_geo
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა
- +

5 ოქტომბერი. 2019. 16:19

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა. მან მოედანზე არსებული გამოფენები დაათვალიერა და საზოგადოებას თბილისობა მიულოცა.

 

„ვულოცავ ყველას ამ ბედნიერ დღესასწაულს, რომელიც დღეს არის, თან ისეთ ამინდში, რომელიც არის მართლაც სათბილისო. გილოცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„თბილისობა 2019“-თან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო.

 

საზეიმო ღონისძიებებისთვის შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

 

რიყეზე საბავშვო კონცერტი ჩატარდა. ასევე, რიყეზე თბილისის მოსახლეობას და სტუმრებს საშუალება აქვთ ქართული კერძები დააგემოვნონ და ხელნაკეთი ნივთები შეიძინონ. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენაა.

 

თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

 

თბილისის მერიის ცნობით, ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება.

 

დღეს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“.

 

თბილისობა ხვალ, 6 ოქტომბერს დასრულდება. 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სანახაობა - „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.

 

 

big_banner
არქივი