logo_geo
ბექა დავითულიანი: ქალის მიმართ ძალადობაზე შემწყნარებლური დამოკიდებულება არ გვექნება
- +

5 ოქტომბერი. 2019. 20:55

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, ქალზე ძალადობასთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მმართველი გუნდის წევრებისთვის მეტად  სენსიტიური საკითხია, რომელზეც შემწყნარებლური დამოკიდებულება არ ექნებათ. 

 

როგორც ბექა დავითულიანი აცხადებს, მმართველი გუნდის წევრები, ისევე, როგორც მთელი საზოგადოება,  გამოძიების შედეგებს ელოდება და წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ. 

 

სანამ გამოძიებას არ ექნება მტკიცებულებები, მანამდე ყოველგვარ წინასწარ შეფასებას ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. ბრალდება ძალიან მძიმეა. ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაული ჩვენთვის სენსიტიური საკითხია, რომელზეც შემწყნარებლური დამოკიდებულება არ გვექნება. მთავარია, გამოძიებამ გასცეს პასუხი შეკითხვას - ჩადენილია თუ არა საერთოდ დანაშაული“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

თანამშრომელი ქალის მიმართ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი ამჟამად, გულის შეტევით საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც მისი კოლეგა, ბექა დავითულიანი აცხადებს, მისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან საკრებულო თვითმმართველი ორგანოა და გამოძიების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

საკრებულო, როგორც თვითმმართველი ორგანო, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს გამოძიებაზე.  შესაბამისად, მანდატის გაუქმებაზე საუბარი, დღეის მდგომარეობით, არასწორია. მოგეხსენებათ, 2 წლის წინ ჩვენი კოლეგა დააკავეს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია და უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდება.  მას მანდატი ამ დრომდე არ გაუქმებია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პირველი ინსტანციის განაჩენი. ამის სამართლებრივი ვალდებულება და საფუძველი არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

big_banner
არქივი