logo_geo
მამუკა ხილაძე: ცხოვრებაში ერთადერთი მტერი მყავს, მან ბევრჯერ სცადა ჩემთვის ადამიანის წართმევა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 00:34

 

 

საზღვაო სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტმა, 25 წლის მამუკა ხილაძემ, ამ ზაფხულს, ერთდროულად სამი მოზარდი გადაარჩინა ზღვაში დახრჩობას. სასწავლებლის დირექციის გადაწყვეტილებით კი, სადაც სწავლის ფულის გადაუხდელობის გამო მამუკას სტუდენტის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, III კურსის გადასახადისგან გათავისუფლდა და სტუდენტის სტატუსიც აღუდგინეს.   


ოთხსულიან ოჯახში მარტო მამუკა მუშაობს. ყოველდღე სოფელ თხილნარიდან მიდის და ბათუმში ზღვის პირას უკვე 4, 5 წელია, შეზლონგებს აქირავებს. ამ სეზონური სამუშაოდან მისი შემოსავალი დღეში 30 ლარია. მამუკა სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში ასე იხდიდა. ზოგჯერ, ზაფხულობით, თურქეთში თხილის საკრეფად დადიოდა, მესამე კურსის გადასახადი კი ვეღარ შეაგროვა.

ამ დროის განმავლობაში მან არაერთი ადამიანი გადაარჩინა შავ ზღვაში დახრჩობას და ეს საქმე მისი ჰობი გახდა. მაშველად არ მუშაობს, მაგრამ არაფორმალურად მაინც მაშველია.

23 აგვისტოს, ზღვაზე დიდი შტორმი იყო. იმ დღეს მაშველები პლაჟზე დადიოდნენ და ხალხს აფრთხილებდნენ, რომ ბანაობა აკრძალული იყო. მაშველები მოშორებით იყვნენ, როცა ბავშვის ყვირილი გაიგონეს. მამუკა ზღვაში შევარდა და ერთი მოზარდი გამოიყვანა. ათი წუთიც არ იყო გასული, დაიყვირეს, - მეორეც იხრჩობაო.

როგორც მამუკა იხსენებს, ძალიან გაუჭირდა მეორე მოზარდის გამოყვანა, მაგრამ მეორეც გადაარჩინა. იმ დღეს ამით არ დასრულებულა ყველაფერი, დაახლოებით ნახევარ საათში მესამესაც დასჭირდა შველა.

"იმ დღეს ტალღებს სამი მოზარდის სიცოცხლე გამოვტაცეთ. საერთოდ ცხოვრებაში ერთადერთი მტერი მყავს – ტალღა. მან ბევრჯერ სცადა ჩემთვის ადამიანი წაერთმია, მაგრამ ამაოდ. პროფესიონალი მოცურავე არ ვარ. ბევრი ცურავს ჩემზე უკეთ, უბრალოდ ტალღებში ცურვის წესი ვიცი. ეს მშველის. ტალღა უცებ გღლის და გთიშავს, მერე კი უკან გამოსვლა გიჭირს. როცა ტალღა სიმაღლეში მიდის არ უნდა აჰყვე, ქვემოდან უნდა მოექცე და მაღლიდან არ უნდა დაგეცეს. ტალღის სიმძიმე თუ დაგეცა, შეიძლება ადამიანი ადგილზე მოკლას ან სერიოზულად დააზიანოს. დახრჩობაზე რომ არაფერი ვთქვათ“, – ამბობს მამუკა.

მას ყოველ სეზონზე 5, 6 ადამიანის გადარჩენა უწევს. პლაჟზე მამუკა ყველას მაშველი ჰგონია. თუმცა ამბობს, რომ ოფიციალურად ამ ვაკანსიაზე ვერ დასაქმდებოდა, რადგან 550 ლარი, მისი აზრით, სახიფათო სამსახურისთვის ძალიან ცოტაა. ორი წლის შემდეგ ის საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ დაასრულებს, გემის მოტორისტის დიპლომს მიიღებს და შორეული ნაოსნობის მეზღვაურობას გეგმავს. მანამდე კი სათვალთვალო კოშკიდან ზღვას გაჰყურებს, რომ არავინ გამორჩეს, ვისაც მისი დახმარება სჭირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი