logo_geo
დავითგარეჯში ვითარება უცვლელია, „ქართული მარშის“ წევრები მონასტრამდე არ მიუშვეს
- +

6 ოქტომბერი. 2019. 20:17

 

საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობა "ქართული მარშის" წევრები დავითგარეჯში ჩავიდნენ, რათა ადგილზე გასცნობოდნენ ვითარებას, რომლის შესახებაც რუსულ და აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია. კერძოდ, საუბარია  იმაზე, რომ აზერბაიჯანმა საბოლოოდ მიისაკუთრა ქართული სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი, რომელსაც აზერბაიჯანელები "კეშიკჩიდარს" ეძახიან.  

 

როგორც "ქართული მარშის" წევრები აცხადებენ, დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება სახარბიელოა.  

 

"იქ შექმნილი ვითარება არის არახალი, ხდება ის, რაც ხდება უკვე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, ანუ ჩიჩხიტურის კოშკამდე და აღდგომის მონასტრამდე მისვლა შეუძლებელია. დგანან ქართველი და  აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ადგილზე არაფერი შეცვლილა. ეს არ არის გუშინდელი და გუშინწინდელი ამბავი. საქმე არის გარკვევის პროცესში და არაფერი ახალი არ მომხდარა", - აცხადებს "ქართული მარშის" წევრი ერმილე ნემსაძე. 

 

მისივე ინფორმაციით, მესაზღვრეები მოქალაქეებს არც ტაძრამდე და არც კოშკამდე მისვლის უფლებას არ აძლევენ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამო.

 

"ქართული მარშის" წევრები აპირებენ ხვალ, 7 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართონ, სადაც მოითხოვენ გასაჯაროვდეს თბილისსა და ბაქოს შორის, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები, რათა ქართული საზოგადოება მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყოს.    

 

"დაველოდებით ამ მოლაპარაკებების შედეგებს, ხვალ შევიტანთ მოთხოვნას საგარეო საქმეთა სამინისტროში, გასაჯაროვდეს მიმდინარე დიალოგი. უნდა ვიცოდეთ რა ხდება. არის თუ არა ქართული საზოგადოებისთვის მისაღები, რომ საზოგადოება არ იყოს მუდმივი სტრესის ქვეშ.  იგეგმება თუ არა ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლის უცხო ქვეყნისთვის გადაცემა? აზერბაიჯანული მხარე პროვოკაციულად იქცევა, ამას სხვა არაფერი ჰქვია. საზოგადოება უნდა ვიყოთ ყურადღებით", - აცხადებს ერმილე ნემსაძე. 

 

მისივე თქმით, რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართულ მონასტერთან მისასვლელი გზა ახლა გადაიკეტა, სიმართლეს არ შეესაბამება. გზა დაკეტილია სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობს პროცესში პროვოკაციები აიცილონ თავიდან.  

 

"ქართული მარშის" წევრები შეხვდნენ დავითგარეჯში მოღვაწე მამა კირიონს, რომელმაც ასევე, დაადასტურა, რომ არაფერი ახალი ჯერჯერობით არ მომხდარა და არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხრიდან არავინ ასულა ტაძარში.  

 

აღსანიშნავია, რომ მედიაგამოცემა "ინფოტეკა 24.რუ"-მ, 3 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ აგსტაფის რაიონის ( რომელიც 1921 წელს გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, მაშინ როცა, 1920 წელს აგსტაფის ხელშეკრულებით, ბაქომ უარი თქვა ამ ტერიტორიების მიმართ რაიმე პრეტენზიაზე საქართველოს სასარგებლოდ)ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ "ევროპული მემკვიდრეობის დღეების" ფარგლებში დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსისკენ მსვლელობა გამართა. აქციის დროს, აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა მუსა მირზალიევმა, აქციის მონაწილეებს უამბო ბუნებრივი გამოქვაბულების შესახებ, რომელიც მისი თქმით, აზერბაიჯანელების წინაპრებმა შუა საუკუნეებში შექმნეს. მან ექსკურსიის მონაწილეებს ასევე, აჩვენა ერთმანეთისგან 1500 მეტრის დაშორებით მდებარე 2 ტაძარი, რომლებიც მირზალიევის თქმით, კავკასიელმა ალბანელებმა ადგილობრივი ქვის მასალით ააშენეს. 

 

"ტაძარი ცნობილია, სახელწოდებით "ენერგიის წყარო", ასევე მდებარეობს ამ ადგილას", - განუმარტა აქციის მონაწილეებს ნაკრძალის დირექტორმა.

 

"ქართული მარშის" წევრებს მიაჩნიათ, რომ დავითგარეჯის გადარჩენა მხოლოდ საქართველოს ეკლესიას შეუძლია. ისინი მოუწოდებენ ეკლესიას, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი