logo_geo
„გარდიანი“: გია ყანჩელი, ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა გარინდებას და სილამაზეს აერთიანებდა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 13:46

 

ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა სიჩუმეს და სილამაზეს აერთიანებდა – ამ სათაურით სტატია ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნდა.

 

„გია ყანჩელი, რომელიც 84 წლის ასაკში, გულთან დაკავშირებული გართულებებით, გარდაიცვალა. ყანჩელი მეოცე საუკუნის ბოლოს მოღვაწე, ყველაზე ცნობილი ქართველი და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი გამოჩენილი კომპოზიტორი გახდა. მისმა კოლეგამ როდიონ შჩედრინმა ყანჩელი დაახასიათა „ასკეტად, რომელსაც მაქსიმალისტის ტემპერამენტი ჰქონდა“. ყანჩელის მუსიკაში გარინდება და სილამაზე ერთმანეთს ერწყმის, რომელიც დროდადრო ფეთქდება და დამანგრეველი ექსპრესიული ეფექტი აქვს,“ – ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციის ავტორის თქმით, გია ყანჩელის მუსიკა დასავლეთის აუდიტორიამ 1992 წელს მიუნხენის სტუდია „ი-სი-ემ ნიუ სერის“ ჩანაწერებით გაიცნო. საუბარია ყანჩელის ნაწარმოებზე „ქარის ნაგლოვი“- ლიტურგია ალტისთვის ორკესტრის თანხლებით, რომელიც კიმ კაშკაშიანმა შეასრულა დენის რასელ დეივისის დირიჟორობით“.

 

„ყანჩელმა მუსიკა დაწერა ისეთი ცნობილი შემსრულებლებისთვის, როგორიცაა ვირტუოზი ვიოლონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩი, თანამედროვეობის ლეგენდარული მევიოლინე გიდონ კრემერი, ალტისტი იური ბაშმეტი, გერმანელი დირიჟორი კურტ მაზური და ამერიკული „ქრონოს კვარტეტი“, – წერს „გარდიანი“.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ გია ყანჩელს კონსერვატორიაში ჩაბარება სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხულის“ მოსმენამ შთააგონა.

 

„ყანჩელი კონსერვატორიის კოლექტივს 1970 წელს შეუერთდა (იმავე წელს ყანჩელმა დაწერა მეორე სიმფონია) და უკვე ერთი წლის შემდეგ რუსთაველის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. ამ თეატრში მან 20 წელი გაატარა. სწორდ აქ დაინტერესდა ყანჩელი თეატრისა და კინოს მუსიკით: მან მუსიკა 40-ზე მეტი კინოფილმისთვის დაწერა. ყველაზე ცნობილი მათ შორის არის „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა“. – ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ყანჩელმა აღიარებული მუსიკალური ნაწარმოებები ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაწერა, მათ შორის არის სასულე კვინტეტი და კონცერტი ორკესტრისთვის, რომელიც მან 1961 წელს დაწერა.

 

„ამ უკანასკნელმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ნაწარმოებში ყანჩელის ჯაზისადმი მძაფრი ინტერესი ჩანდა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება დასავლური კულტურის საშიშ ნაწილად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, გია ყანჩელმა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მაინც მიიღო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გია ყანჩელმა 1967-1986 წლებში შვიდი სიმფონია დაწერა. მეოთხე სიმფონიისთვის 1976 წელს ყანჩელმა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. ეს ნაწარმოები ორი წლის შემდეგ იური ტემირკანოვმა აშშ-ში შეასრულა.

 

„საბჭოთა კავშირის გარდაქმნის შემდეგ, ყანჩელის მუსიკა საერთაშორისო აუდიტორიას სულ უფრო მეტად იზიდავდა. ეს კიდევ უფრო გაძლიერდა 1992 წელს, როდესაც ყანჩელი სამოქალაქო ომით მოცული საქართველოდან დასავლეთ ევროპაში გადავიდა, სადაც ის გერმანიაში და ბელგიაში ცხოვრობდა. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში იყო ხმაურიანი პრემიერები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა ყანჩელს სამშობლოდან გახიზვნის გამო სინანული თან ახლდა და ეს გამოჩნდა ყანჩელის კონცერტში „Abii ne viderem“ („მე შევტრიალდი, რომ არ დამენახე“),“ – წერს „გარდიანი“.

 

სტატიის ავტორის თქმით, „მოგვიანებით ყანჩელის მუსიკამ უფრო თავისუფალი ფორმა მიიღო“.

 

„ის ერიდებოდა აბსტრაქტულ სახელწოდებებს, როგორიცაა სიმფონია, კონცერტი, კვინტეტი. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ ერთი ოპერა დაწერა, ყანჩელს მოსწონდა ხმებისა და სოლო ინსტრუმენტების შერწყმა, ისე, როგორც ეს არის 1990-იანი წლების ნამუშევრებში, მაგალითად „დიპლიპიტო“ და „სტიქსი“, – წერს „გარდიანი“.

 

ბრიტანული გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ 1990-1995 წლებში ყანჩელმა არაერთი რელიგიური ნაწარმოები დაწერა. ხოლო 2010 წელს მიუნხენის სტუდიამ გამოუშვა გია ყანჩელის ალბომი, რომელიც ქართველი კომპოზიტორის მიერ მუსიკისა და თეატრისთვის დაწერილ 20-მდე ნაწარმოებს აერთიანებს.

 

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. კომპოზიტორი, მისი სურვილის შესაბამისად, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

 

 

 

big_banner
არქივი