logo_geo
კახა კალაძე: არასწორია ინფორმაცია, თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი
- +

9 ოქტომბერი. 2019. 00:20

 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, 27 ათასი ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რეგისტრაციის 27 000 მსურველიდან, ავტომობილების 30%-მა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა. 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის A კატეგორიაში დაახლოებით 7 500-მდე ტაქსის მძღოლია დარეგისტრირებული, ხოლო B კატეგორიაში 8 850 -მდე. 
იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის მფლობელები მოაწესრიგებენ თავიანთ ავტომობილებს, თბილისის მერი მათ ჰპირდება, რომ ამ სფეროში მუშაობას განაგრძობენ. 

 

როგორც კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, ავტომობილის ტექდათვალიერების გავლას მძღოლს კანონი ავალდებულებს და აქ, მერიის ტაქსების რეფორმა არაფერ შუაშია.

 

"გაუმართავი ავტომობილებით არა თუ მგზავრი არ უნდა გადაჰყავდეთ, თავად მეპატრონეებიც არ უნდა მოძრაობდნენ. ყველას გვაწუხებს რა მდგომარეობა გვაქვს ქალაქში ჰაერის დაბინძურების მხრივ. ყოველწლიურად 5-6 %-ით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა. ის მძღოლები, ვისაც გაუმართავი ავტომობილები ჰყავდათ, ისედაც ვერ შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას", - აცხადებს კახა კალაძე. 


​ტაქსის მფლობელებმა ასევე სრულად არ გამოიყენეს სალონების წმენდის ვაუჩერები.

 

"მობრძანდნენ და მოაწესრიგონ თავიანთი ავტომობილები. ეს არ არის მკაცრი რეგულაციები, ჩვენ დავაწესეთ შესაბამისი სტანდარტები, რომელიც ცნობილი იყო ტაქსის ყველა მძღოლისთვის. ჩვენი დაწესებული სტანდარტი ქვეყანაში არსებული რთული სოციალური ფონის შესაბამისია. რეფორმის მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ სფეროში სტაბილური დასაქმების ბაზრის განვითარება, ქალაქის ვიზუალური სახის გაუმჯობესება", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი