logo_geo
ლელა სიხარულიძე – 90-იანი წლების გაუხარელი ვარსკვლავი
- +

13 ოქტომბერი. 2019. 15:41

 

 

გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ლელა სიხარულიძე 36 წლის ასაკში უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

 

ენერგიული, მომღიმარი და ხალისიანი მომღერალი ყოველთვის ჩქარობდა, დრო არ ჰყოფნიდა, თითქოს გრძნობდა, რომ სიცოცხლეს მალე დაასრულებდა და ყველაფრის მოსწრება უნდოდა.

 

„სულ ზევით ზევით“ და „სულ ყველაზე ლამაზი“ – მამუკა ჩარკვიანის ეს სიმღერები ლელა სიხარულიძის შემოქმედების სავიზიტო ბარათია. რესტორან „ბერიკონში“ მან ყველასგან განსხვავებული კონცერტი ჩაატარა და ამის შესახებ მსმენელი დიდხანს ალაპარაკა.

 

პირველი ქორწინება ლელა სიხარულიძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი მეუღლეს ბესო მოსიძეს დაშორდა და თავისი ცხოვრება პროდიუსერ გია გოგორიშვილს დაუკავშირა. პირველი ქორწინებიდან მომღერალს გოგონა თამუნა ჰყავს, რომელიც დედის გარდაცვალების დროს 8 წლის იყო.

 

თამუნა ინტერვიუებში ხშირად ყვება, რომ ლელას გარდაცვალებამდე უცნაური სიზმარი ნახა: დედას ხელში ჯვარი ეჭირა, კიბეზე ადიოდა, ჯვარი ხელიდან გაუვარდა და გატყდა. მაშინ ამ სიზმრის შესახებ თამუნამ ყველას უამბო.

 

ამ სიზმრიდან რამდენიმე თვეში ლელა დაიწვა. მომღერალს სახე არ ჰქონდა დამწვარი, მაგრამ ცეცხლის ალი ჰქონდა ნაყლაპი, რამაც ორგანოები დაუზიანა. ექიმის ვარაუდით, სამ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ლელა სიხარულიძემ ერთ თვეზე მეტხანს იცოცხლა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის გონებაზე იყო და გადარჩენისთვის იბრძოდა.

 

ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, ლელა სიხარულიძე ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მან და გიამ იჩხუბეს. ჩხუბისას ხელიდან გაუვარდა გენერატორი, ხალიჩაზე ბენზინი დაიღვარა და ცეცხლი გაჩნდა. ორივე გარეთ გამოვარდნენ, მაგრამ ლელა ისევ სახლში შებრუნდა მინიდისკების გამოსატანად, რომლებზეც სიმღერები და ფონოგრამები ჰქონდა ჩაწერილი.

 

მომღერალს ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა. ბოლო დაბადების დღეზე ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს, ყველაზე ბედნიერი ვარ და მეშინია, რამე ცუდი არ დამემართოსო.

 

მეგობრებისთვის კი დაუბარებია, რომ მოვკვდები, ამ სახლიდან თეთრი სასახლით გამასვენეთო. მომღერლის სურვილი, რა თქმა უნდა, შესრულდა – ის სახლიდან თეთრი სასახლით გაასვენეს და მისივე სურვილის თანახმად, ვერაზე ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი