logo_geo
ირაკლი ბათიაშვილი: მერაბ კოსტავა მოიშორეს, მისმა მკვლელობამ სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა
- +

16 ოქტომბერი. 2019. 00:08

 

 

საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაღუპვა არ იყო შემთხვევითობა, ის მოიშორეს, რადგან გარეშე ძალებს ხელს უშლიდა. 

მისივე თქმით, მერაბ კოსტავას გარდაცვალებამ ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება დააჩქარა, რასაც შემდგომ მოჰყვა შეუქცევადი პროცესები და სამოქალაქო ომი.  

როგორც ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემა "სვოტ ანალიზში" სტუმრობისას განაცხადა, მერაბ კოსტავას სიკვდილი ეროვნული მოძრაობისთვის საკვანძოდ საბედისწერო აღმოჩნდა.


"ის იყო უდიდესი ლიდერი ეროვნული მოძრაობის, სიმბოლო. მას ჰქონდა შარავანდედი, იყო კრისტალური, შეუვალი, სუფთა პიროვნება და ლიდერი. იყო მაქსიმალურად ტოლერანტული, ორიენტირებული არა განხეთქილებაზე, არამედ შერიგებაზე. ცდილობდა დაპირისპირებული მხარეები დაეახლოვებინა ერთმანეთთან. "კომუნისტების" მიმართ იყო უკომპრომისო", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავა ყველგან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება მის სიცოცხლეშივე დაიწყო, მაგრამ ვერ გადავიდა შეუქცევად პროცესში, ამის შემაკავებელი თავად კოსტავა იყო თავისი ავტორიტეტით. 


"მისი სიკვდილი, ალბათ, ერთ-ერთი ის ფაქტორი იყო, რამაც ასევე დააჩქარა იმ განხეთქილების  სამოქალაქო ომამდე მიყვანა. თუმცა, ეს გარედანაც იყო პროვოცირებული, დიდი ძალები იყო გარედან ჩარეული, ამაში დიდი როლი ითამაშა კოსტავას მოშორებამ. დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ კოსტავა მოკლეს. დიდი დრო, როცა გადის, შეუძლებელი ხდება ამის გამოძიება. ეს საქმე ცხელ კვალზე უნდა გამოძიებულიყო", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.  


ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 13 ოქტომბერს ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. 
 

 

 

big_banner
არქივი