logo_geo
„ჯუზეპე გარიბალდის საქართველოშიც ჰყავდა მიმდევრები, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე...“
- +

21 ოქტომბერი. 2019. 14:07

 

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება Facebook-გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მხოლოდ სიცივეს და შიმშილს, დღედაღამ სიარულს, ბრძოლას და სიკვდილს ვთავაზობ იმას, ვინც გამომყვება. ვისაც იტალია უყვარს, წამოვიდეს!“ – ამ სიტყვით მიმართა იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა და იტალიის ეროვნულმა გმირმა - ჯუზეპე გარიბალდიმ იტალიელ ხალხს.

 

ლეგენდარული იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული გმირი გენერალი ჯუზეპე გარიბალდი 1807 წლის 4 ივლისს ნიცაში დაიბადა. გარიბალდი ბევრგან იბრძოდა, მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აფრიკაში სამხრეთ ამერიკაში, მონაწილეობდა აჯანყებებში და საბოლოო მიზანსაც მიაღწია - გაათავისუფლა იტალია ავსტრიული ბატონობისგან და მის დამოუკიდებლობასაც მოესწრო.

 

ჯუზეპე გარიბალდის საქართველოშიც დიდი მხარდაჭერა და აღიარება ხვდა წილად, მას ჰყავდა მიმდევრები და მხარდამჭერები, რომელთა შორის ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს - „იმოდენა მაგალითი ახოვანებისა, დიდსულოვნებისა, თავდადებისა, რამოდენაც იტალიის გმირთ გამოიჩინეს თავისი ქვეყნის გაერთიანებისთვის, ბევრს სხვა ერს არ გამოუჩენია, მრავალმა გამოჩენილმა შვილმა თავი შეაკლა, მრავალმა თავისი საკუთარი ბედნიერება მთლად დაუდო ამ დიდ საქმეს შეერთებისას და მათმა ღვაწლმა და თავის სამშობლოსთვის დაქცეულმა სისხლმა ამაოდ არ ჩაუარათ. დღეს იტალია გაერთიანებულია და კარგა მოზრდილს სახელმწიფოს შეადგენს, თვით იტალიელთა თავმოსაწონებელად ევროპის სახლემწიფოათა შორის ხმის მქონებელსა. ამ შეერთების მახლობელი და განმახორციელებელი ორი კაცი იყო: ერთი კავერუ და მეორე - გარიბალდი. პირველი იყი ჭკუა და მეორე-ხმალი იტალიისა“.

 

ილიას გატაცება გარიბალდის დიდებული მოღვაწეობით და თავგამოდებული ბრძოლით ადვილი წარმოსადგენია. გარიბალდის სახელი და მამაცობა ისე ხიბლავდა მაშინდელ შეგნებულ ახალგაზრდობას, რომ ილიას სურვილი ვოლონტიორად წასვლისა გასაკვირი არაფრით უნდა იყოს. ილია ჭავჭავაძემ იტალიის ამ მოვლენებს ლექსიც კი მიუძღვნა:

 

„მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში…

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!“

ფოტო: ფელიქს ნადარი (Felix Nadar)

Giuseppe Garibaldi

1870“, - ნათქვამია პოსტში.

 

 

 

big_banner
არქივი